ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    საიდუმლო შეხვედრა სოლოლაკის სასახლეში - რა მოთხოვეს ბიძინა ივანიშვილს პარლამენტარებმა

    საიდუმლო შეხვედრა სოლოლაკის სასახლეში - რა მოთხოვეს ბიძინა ივანიშვილს პარლამენტარებმა
    მმართველ გუნდში შიდადაპირისპირება ისეთ დონეზე დაიძაბა, რომ მალე შეიძლება ისე აფეთქდეს, ყველა მოვლენა გადაფაროს; მეტიც, თითქმის დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და არ არის გამორიცხული, პორტფელს ერთბაშად სამი მინისტრი (აქედან ერთი ძალოვანი) დაემშვიდობოს.თუმცა, საჭიდაო თემა მხოლოდ ეს არ არის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოქმედ დეპუტატებს მადა მოემატათ და მაქსიმალურად ცდილობენ, საკრებულოებში და გამგებლებად სასურველი კანდიდატები გაიყვანონ. ახსნა მარტივი აქვთ - მომდევნო საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა, ანუ ორივე 2020 წელს გაიმართება და დეპუტატები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ, რადგან მომდევნო სამი წელი სწორედ მათ მოუწევთ ოქტომბერში ასარჩევ თვითმმართველობებთან ურთიერთობა. 
    ამ ყველაფრის ფონზე, ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი იქონია იმ პარტიების ლიდერთა მოთხოვნამ, რომლებიც რეალურად ,,ქართული ოცნების'' ფრთის ქვეშ არიან. ,,სოციალ დემოკრატების'' თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა, ,,მრეწველთა'' ლიდერმა გოგი თოფაძემ და ,,კონსერვატორების'' შეფმა ზვიად ძიძიგურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კვოტები მოითხოვეს. ანუ, მათ სურთ თითო მუნიციპალიტეტში მინიმუმ სამი კანდიდატი ჰყავდეთ, რათა შემდეგ საკრებულოში ფრაქციების ჩამოყალიბება შეძლონ და ამით ადგილზე არსებული აქტივი როგორმე შეინარჩუნონ. როგორც წყარომ გვითხრა, სამივე ლიდერი სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილთან იყო მისული და ისე ჩანს, ექსპრემიერი ამის წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უშუალოდ ,,ქართულ ოცნებაში'' და ყველაზე მეტად ამ მიმართულებით კახა კალაძე აქტიურობს. წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი გარჩევა იქამდეც კი მივიდა, კალაძე ოპოზიციაში გადასვლით დაიმუქრა, რაც წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება. ფაქტია, რომ ვიცე-პრემიერს როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში ძალიან სერიოზული გუნდი ჰყავს შემოკრებილი. აღარავინ მალავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კალაძის გუნდის წევრად ითვლება ისევე, როგორც არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე. კულუარებში ამბობენ, რომ კალაძის ოპოზიციაში გადასვლა კი ამ ლიდერების გადაწყვეტილებაზე ძალიან იმოქმედებს. 
    ესეც არ იყოს, ჩვენი ინფორმაციით, სამივე ზემოჩამოთვლილ პარტიას, რეგიონებში ყოფილი ნაციონალები სურთ კანდიდატებად. ანუ, კოჰაბიტაციის პროცესი მათ უკვე დაასრულეს და ასე განსაჯეთ, პარტიაში ადგილებზე ნაციონალების ყოფილი ლიდერები, თავმჯდომარეები, ზონდერები და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ჰყავთ. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ სწორედ ეს არის კალაძის გაჯიუტების ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა... თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა ზუსტად იციან, ვინ რჩება და ვინ მიდის. ივანიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად მხარის გუბერნატორებსაც შეხვდა და მათგან მოისმინა არსებული რეალობა. სწორედ ამიტომ, იმ გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა, რომლებმაც იციან, რომ თანამდებობების დატოვება მოუწევთ, წასვლამდე ,,ხელის მოთბობა'' გადაწყვიტეს და ეს ახლადარჩეულ დეპუტატებთან დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ჩვენი ინფორმაციით, ქვემო ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, დეპუტატი და გამგებელი საშტატო თემაზე შეუთანხმებლობის გამო, ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ და რომ არა სხვა თანამშრომლების ჩარევა, სავარაუდოდ, საქმე სერიოზულ სკანდალამდე მივიდოდა, ახლა კი მხოლოდ ხელის შემორტყმით შემოიფარგლნენ და... ამბობენ, დეპუტატს გამგებელი შემოელახაო. 
    უმრავლესობაში სიტუაცია კონტროლიდან რომ არის გასული, იქიდანაც ჩანს, რომ უმრავლესობის ლიდერის შეცვლის საკითხი რამდენჯერმე დააყენეს ე.წ. პოლიტპატიმრებმა, რომლებსაც პარტიაში სერიოზული გავლენა აქვთ, მათ არ სურთ არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის ლიდერად ლევან გოგიჩაიშვილი წარმოუდგენიათ. ეს ყველაფერი თავად გოგიჩაიშვილმაც კარგად იცის და ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ თალაკვაძის მიმართ აგრესიას არ მალავს. მეტიც, უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ფრაქციის შეხვედრებზე ბოლო დროს თალაკვაძე საუბარს ერიდება კიდეც, რადგან გოგიჩაიშვილი ყველა სიტყვაზე მისდევს და გინებასაც აგონებს. ისიც თქვეს, საკმარისია კალაძის ერთი სიტყვა და თალაკვაძე უმტკივნეულოდ გადადგებაო, მაგრამ ამბობენ, ფაქტია, რომ ვიცე-პრემიერს უკონტროლო გოგიჩაიშვილის ყურებას, კონტროლირებადი თალაკვაძე რომ ურჩევნიაო.
    ჯერჯერობით, ზედაპირზე არც ის ჩანს, როგორ იბრძვიან ე.წ. პაეზდკებზე უმრავლესობის წევრები. თუ დააკვირდებით, ევროპაში ძალიან ცოტა დეპუტატი დადის. ეს ერთი მხრივ ბიუჯეტის დაზოგვით აიხსნება, მეორე მხრივ კი უმრავლესობა გუნდში ვერ შეთანხმდა, ვინ სად და რატომ უნდა წავიდეს. ვიღაცას ევროპის ნახვა და შოპინგი სურს, ვიღაცას კი საქმის კეთება და რომელი რომელს გადაწონის, მალე გამოჩნდება. 
    პარალელურად, გასაწირად გამზადებულ თუ უკვე გაწირულ ,,რუსთავი-2''-ზე გავლენის მოპოვებას სამთავრობო გუნდის წევრები ცდილობენ. მედიასფეროში გამოცდილებას იჩემებს და თავისი კადრის დანიშვნას ითხოვს დიმიტრი ქუმსიშვილი, რაც თუნდაც კალაძეს დიდად არ ეპიტნავება. ამბობენ, რომ მას თურმე ისიც ვერ მოუნელებია, მეორე ვიცე-პრემიერი რომ არის და ახლა კიდევ ტელეკომპანიის სათავეში ქუმსიშვილის კადრის მიყვანა მის გეგმებში აშკარად არ შედის. საკუთარი თავის გადარჩენით არის დაკავებული მთავრობის მეთაური. როგორც ამბობენ, გიორგი კვირიკაშვილს გუნდის შიგნით სერიოზული უთანხმოება აქვს მინისტრად ზურაბ ალავიძის დანიშვნისა და გიორგი მღებრიშვილის დატოვების გამო. ორივე პოსტზე სხვა კანდიდატურები განიხილებოდა, თუმცა კვირიკაშვილმა თავისი გაიტანა და ახლა ამის გამო მას უპირებენ „გატანას“. ამბობენ, პრემიერი ისე ჰყავთ შევიწროვებული, მზად არის, ორივე მინისტრი შეცვალოს, ოღონდ თავი გადაირჩინოსო და თუ ასე მოხდება, დიდი ალბათობით, დუეტს მესამე ხმად ქუმსიშვილი წაყვება, რათა კალაძემ პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი მოირგოს და შემდეგ იქიდან პრემიერობამდე ერთი ნაბიჯია. კულუარებში ამბობენ, რომ ერთ-ერთ მთავარ პირობად ოპოზიციაში წაუსვლელობის პირობით, კალაძეს სწორედ პრემიერის სავარძელი აქვსო.

    ვერსია
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი