მისივე თქმით, ის ცდილობს, პატრიარქს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აღნიშნულ საკითხზე საერთოდ არ ესაუბროს.
„მე არ ვიმყოფებოდი კლინიკაში საერთოდ. რამდენიმე მღვდელმთავარი იყო პატრიარქთან, როდესაც ეს ჩანაწერი გაკეთდა. კონკრეტულად არ ვიცი ვინ ჩაიწერა, როგორ გავრცელდა და რატომ გავრცელდა ორ ნაწილად. არა მარტო მეუფეები, მღვდლებიც იყვნენ იმ დროს, იყო ერის ხალხიც. მე არ ვაკონკრეტებ ვინ იყვნენ.
ამ ეტაპზე ვცდილობთ პატრიარქს საერთოდ არ ველაპარაკოთ მისი ჯანმრთელობის გამო. რომ ჩავალთ თბილისში, პატრიარქი დაინტერესებულია ამ საქმეს ნათელი მოეფინოს. ძალიან რთული თემაა. აქ ამის გარკვევა ნაკლებად მაინტერესებს", - განაცხადა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა.
ტელეკომპანია „ობიექტივმა" გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის სრული ვერსია, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, თვითონ მოიპოვეს. მათივე განცხადებით, 16 თებერვალს მედიით გავრცელებული პატრიარქის ვიდეომიმართვა დამონტაჟებულია. „ობიექტივის" მიერ გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, პატრიარქი ასევე, ყურადღებას ამახვილებს დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებებზე. ილია მეორის პირველი მიმართვიდან, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდზე გავრცელდა, ამოჭრილია შემდეგი ნაწილი:
„რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?" - ამბობს პატრიარქი.
„ობიექტივის" მიერ გავრცელებული პატრიარქის მიმართვის სრული ვერსია ასეთია:
„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.
რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან -მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?
მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო", - აცხადებს პატრიარქი.