ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    პატრიარქის მემკვიდრეები – კანდიდატების შანსები და გავლენები

    ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი
    რა იყო „ციანიდის საქმის“ საბოლოო მიზანი? ამ კითხვაზე პასუხს საზოგადოება პროკურატურისგან ელოდება, თუმცა მუსირებს აზრი, რომ მთელი ეს სკანდალი პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლას უკავშირდება. თეოლოგები ამბობენ, რომ ეს ბრძოლა „ციანიდის საქმით“ არ დაწყებულა და, სავარაუდოდ, არც ამით დამთავრდება. უბრალოდ, ილია მეორის აღსაყდრებიდან 30-ე წლისთავზე დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ახლა ამას უკვე თვით მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც კი აღარ მალავენ.
    თეოლოგებთან და საპატრიარქოს შიდა საქმეებში ჩახედულ არაერთ ადამიანთან კონსულტაციების შემდეგ ჩვენ შევეცადეთ, შეგვექმნა მეტ-ნაკლებად ნათელი სურათი, ვინ შეიძლება გახდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეს შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ ეს არ გახლავთ პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატების საბოლოო ვერსია, ვინაიდან მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ შესაძლოა, არსებული სურათი მთლიანად შეცვალოს.
    მაგალითად, გასულ კვირას საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშა ყველაზე რეალური კანდიდატი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი. მეუფე დიმიტრი წლების განმავლობაში ფლობდა დიდ უპირატესობას, თუნდაც პატრიარქთან ახლო ნათესაური კავშირიდან გამომდინარე. ის მისი უწმინდესობის ძმისშვილი გახლავთ.
    მიტროპოლიტი დიმიტრი, ერისკაცობაში ნოდარ შიოლაშვილი 1961 წელს დაიბადა. ბავშვობიდან იზრდებოდა ბიძის, იმხანად მეუფე ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მეთვალყურეობით. მცხეთის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1985 წელს აკურთხეს დიაკვნად. 1996 წლის ნოემბერში კი ის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად და სახელად ეწოდა დიმიტრი. აი, ამ სიტყვებით მიმართა მაშინ ილია მეორემ ახალბედა მეუფეს:
    „დღეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შენ ჩემი ახლობელი ხარ. ამის გამო უფრო დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება. შენ მაგალითი უნდა იყო მორჩილებისა და თავმდაბლობისა არა მარტო მღვდელმთავრებისთვის, არამედ საერთოდ სამღვდელოებისა და მორწმუნეთათვისაც“.
    მას შემდეგ მეუფე დიმიტრი საპატრიარქოში ერთ-ერთ გავლენიან მიტროპოლიტად ითვლება. მის სახელთან ასოცირდება ეკლესიის შიგნით არსებული ისეთი რადიკალური დაჯგუფება, როგორიცაა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“. „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძეც სწორედ მეუფე დიმიტრის ხელდასხმული გახლავთ და მისი გუნდის წევრად მოიზარებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამან განაპირობა მიტროპოლიტ დიმიტრის მიერ პატრიარქობაზე უარის თქმაც. „ტაბულასთან“ საუბრისას მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ არ აპირებს ამ სტატუსისთვის ბრძოლას და რომ სინოდის წარდგინების შემთხვევაშიც კი მყისიერად მოხსნის კანდიდატურას. მეუფე დიმიტრის ამ გადაწყვეტილების პარალელურად თანამდებობა დატოვა მისმა სიძემ სოსო ოხანაშვილმა, რომელიც პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. როგორც ჩანს, ციანიდის სკანდალმა საპატრიარქოს ყველაზე გავლენიანი მიტროპილიტისა და მისი ჯგუფის ინტერესები სერიოზულად დააზარალა. ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს…
    პატრიარქობისთვის ბრძოლას კიდევ უფრო ადრე გამოეთიშა კიდევ ერთი კანდიდატი, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა. იღუმენი სერაფიმე ეპისკოპოსად1995 წლის 20 აპრილს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა. მას ახლად დაარსებული ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქია ჩააბარეს. 22-წლიანი საეპისკოპოსო მოღვაწეობის შემდეგ მეუფე სერაფიმე სერიოზულ სკანდალში გაეხვია. მას ადგილობრივი სამღვდელოებისა და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა. მეუფეს არასრულწლოვანთან ინტიმური ხასიათის მიმოწერაში დასდეს ბრალი, რის გამოც საბოლოოდ ეპარქიის დატოვებაც კი მოუწია.
    მიტროპოლიტი არ მიიღეს არც ავსტრია-გერმანიის ეპარქიის მმართველად. ჩვენი ინფორმაციით, ამ სკანდალით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო მიტროპოლიტ დიმიტრის ფრთა. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პირადად არწმუნებდა პატრიარქს, რომ მეუფე სერაფიმეს საეპისკოპოსო საქმიანობა საერთოდ შეჩერებოდა, ვინაიდან მას მალე სამართალდამცავები პედოფილიის ბრალდებით დააკავებდნენ. საბოლოოდ მიტროპოლიტი სერაფიმე სიტუაციას საკუთარი ნებით გაერიდა. „მსურს, ჩემთვის ვიყო და ვილოცო“, – აღნიშნულია სერაფიმე ჯოჯუას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამით მეუფე დიმიტრის, პატრიარქობისთვის ბრძოლის გზაზე, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტი ჩამოშორდა, თუმცა ბედის ირონიით, ამ სკანდალიდან რამდენიმე კვირაში ბრძოლას დიმიტრი შიოლაშვილიც გამოეთიშა, მისი გუნდის წევრი დეკანოზი მამალაძე კი თავად აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე.
    ამ დროისთვის, შეიძლება ითქვას, ბრძოლის ასპარეზზე მნიშვნელოვნად დაწინაურდა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია, თუმცა მაინც ძნელი სათქმელია, დაიდგამს თუ არა ის პატრიარქის გვირგვინს, გამომდინარე იქიდან, რომ მეუფე აბრაამს მომავალ წელს ასაკობრივი შეზღუდვა შეეხება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქი შეიძლება გახდეს მღვდელმთავარი არანაკლებ 40-ის და არაუმეტეს 70 წლისა. მეუფე აბრაამს კი 70 წელი 2018 წელს უსრულდება და თუ მანამდე არ დადგება ახალი პატრიარქის არჩევის საკითხი დღის წესრიგში, მიტროპოლიტი აბრაამი პროცესს ავტომატურად გამოეთიშება.
    აბრაამ გარმელია 1995 წლის 20 ივნისიდან 2002 წლის 17 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილებას. 1996 წლის 25 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს – მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. მას ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად მოიაზრებდნენ, თუმცა იწონებდნენ მის საპროტესტო განცხადებებს რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ. ჩვენი წყარო არ გამორიცხავს, რომ, რაკი მეუფე დიმიტრიმ პატრიარქობის ამბიცია დათმო, მან და მისმა ჯგუფმა მხარი აბრაამ გარმელიას დაუჭირონ. ისევე როგორც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ, რომელსაც, ასევე, მჭიდრო კავშირები აქვს ყოფილ ხელისუფლებასთან.
    არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც არ გამორიცხავენ, რომ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ჯგუფმა აბრაამ გარმელიას ნაცვლად მხარდაჭერა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძეს გამოუცხადოს. ის საკმაოდ დაბალანსებულ ეპისკოპოსად მიიჩნევა და სინოდში მხარდამჭერების მობილიზებაც, წესით, არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა მას, ისევე როგორც ბევრ სხვა მღვდელმთავარს, დიდი ხანია მოჰყვება პრორუსული კლიშე, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა, მას ბრძოლის ასპარეზზე მოსკოვი ლობირებდეს. საერო და სასულიერო ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი მას რუსეთში აქვს გატარებული. 1980 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თბილისსა და მოსკოვში. 1992-1997 წლებში გიორგი შარაშენიძე სტიქაროსნად მსახურობდა მოსკოვის აღდგომის, შემდეგ კი წმიდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში. 1997 წლის მარტში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩამოვიდა საქართველოში და სულიერი მოძღვრის მორჩილად გამწესდა რუისისა და ურბნისის ეპარქიაში. 1998 წლის 8 ოქტომბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იღუმენი გერასიმე გამოარჩია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად.
    კიდევ ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი, 62 წლის დანიელ დათუაშვილია. საპატრიარქოში მეუფე დანიელის ამბიციების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. სინოდში მას თავისი ერთგული მხარდამჭერებიც ჰყავს და როგორც მინიმუმ, იმ სამ კანდიდატს შორის მოხვედრა არ გაუჭირდება, რომელთაგან ერთ-ერთი სინოდის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად უნდა აირჩიონ. დანიელ დათუაშვილი 1972-1977 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 1978-79 წლებში გადიოდა სტაჟირებას მოსკოვის კინოს თეორიისა და ისტორიის ინსტიტუტში. იგი ახალგაზრდების იმ მცირერიცხოვანი ჯგუფის წარმომადგენელია, რომელთაც ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ თავიანთი მომავალი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას დაუკავშირეს. 1981 წლიდან დავით დათუაშვილმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილებაში. ამავე წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. II კურსიდან კი სწავლა გააგრძელა ზაგორსკის სემინარიაში დაუსწრებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ მეუფე დანიელი საეკლესიო წოდებებით ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას, რაც ახალი პატრიარქის შერჩევის პროცესში შესაძლოა, მისი მთავარი უპირატესობაც იყოს.
    პატრიარქობისთვის ბრძოლაში ჩაბმას უწინასწარმეტყველებენ მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობ აქიაშვილსაც. მეუფე იობი ცნობილია საჯარო პოლიტიკური განცხადებებით, მათ შორის ამბიონიდან. ის არ მალავს საკუთარ სიმპათიებს „ქართული ოცნების“ მიმართ და ამასთანავე, მკაცრად აკრიტიკებს ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს. აი, ასე ახასიათებდა მიტროპოლიტი იობი სააკაშვილის ხელისუფლებას:
    „დღეს სული გვეხუთება ჩვენ! დღეს საქართველოში ხდება სულიერი ოკუპაცია. ფიზიკური ოკუპაცია მოხდა საქართველოში, ჩამოგვაჭრეს რაღაც ტერიტორია, მაგრამ ეს სულიერი ოკუპაცია უარესია. საიდან დაიწყო ეს სულიერი ოკუპაცია? სკოლებიდან და იმ უნივერსიტეტებიდან, სადაც ასეთი პედაგოგები მზადდებიან… წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტიდან… თქვენ იცით, ვინ ხელმძღვანელობს ამ უნივერსიტეტს! დღეს არის ის მომენტი, როცა ერი და ბერი ერთად უნდა დავდგეთ! სულიერი ოკუპაცია ხდება საქართველოსი“.
    მეუფე იობის მხარდამჭერებად მოიაზრებენ ახალი თაობის მიტროპოლიტებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ რამდენიმე ეპარქიის გაყოფის შემდეგ განმწესდნენ მღვდელმთავრებად. მაგალითად, იობ აქიაშვილის გამგეობის ქვეშ მყოფ რუისისა და ურბნისის ეპარქიას სინოდის გადაწყვეტილებით სურამი-ხაშური გამოეყო და ის ცალკე ეპარქიად ჩამოყალიბდა, თუმცა ახალ ეპარქიას, მმართველად, მეუფე იობის აღზრდილი, სვიმონ ცაკაშვილი ჩაუდგა სათავეში. ახალგაზრდა მეუფეც ცნობილია თავისი პოლიტიკური აქტივობით… ის გახლდათ ერთ-ერთი იმ სასულიერო პირთაგან, ვინც საპარლამენტო არჩევნების დროს ღიად უპირისპირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხაშურის საარჩევნო უბანს ფიზიკურადაც კი იცავდა. მეუფე იობის გარემოცვიდანაა მარნეულის ეპარქიის ახალი წინამძღოლი გიორგი ჯანდელიანიც. წალკის ეპარქია კი, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ყოფილ მრჩეველს, იოანე შომახიას გადაეცა. თავად მეუფე იაკობი, შეიძლება ითქვას, ყველაზე აქტიურია საპატრიარქოს შიგნით არსებულ დაპირისპირებაში, თუმცა ჩვენი წყაროები ბოდბელი ეპისკოპოსის საპატრიარქო ამბიციებს გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ იობ აქიაშვილის კანდიდატურის წამოყენების შემთხვევაში მეუფე იაკობი და მისი ჯგუფი მხარს სწორედ ამ უკანასკნელს დაუჭერენ. ამ ჯგუფში მოიაზრება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძეც.
    მეუფე იობი 1996 წლის 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2000 წლის დეკემბერში კი – მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის უმაღლესი ორდენით. 2003 წელს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან და სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო და ლიტურგიკულ კომისიებს.
    მართალია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება პატრიარქობის კანდიდატს პოლიტიკური მიუკერძოებლობის შეზღუდვას არ უწესებს, მაგრამ ილია მეორის შემდეგ ეკლესიის ავტორიტეტის შენარჩუნების მიზნით, სინოდმა ქვეყნის პირველი სასულიერო იერარქის ტიტული შესაძლოა, სწორედ პოლიტიკურად ნეიტრალურ პირს ანდოს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ზემოჩამოთვლილი კანდიდატები საერთოდ თამაშ გარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და საპატრიარქოში საკმაოდ მოულოდნელი კომბინაცია გათამაშდეს.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი