“იმედის“ ეთერში მეუფე პეტრე ცაავამ დაადასტურა, რომ 2009 წელს, ნინოობის წინა დღეს, ანუ 26 იანვარს, საპატრიარქოში, მიხეილ სააკაშვილთან სადილობისას პატრიარქი მოწამლეს. მეუფე ამ დანაშაულში პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს ადანაშულებს და აცხადებს, რომ მაშინ ეს ამბავი პრესაში ნანა კაკაბაძემ და გიორგი ანდრიაძემ გაახმაურეს. ფაქტს დღესაც ადასტურებს ნანა კაკაბაძე: „პატრიარქის მოწამვლა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოხდა და ილია მეორეს ფრიდონ თოდუას კლინიკაში უმკურნალეს“, – ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს:
„ეს მოხდა საპატრიარქოში სააკაშვილის ერთ-ერთი სტუმრობის დროს. კერძოდ, სააკაშვილი პატრიარქთან სადილზე იყო მისული და სუფრასთან სასულიერო მოღვაწეების გარდა, საერო პირებიც ისხდნენ. როგორც კი სადილი დამთავრდა და სააკაშვილმა საპატრიარქო დატოვა, პატრიარქი ცუდად გახდა. უწმინდესმა მაშინვე თქვა – მოწამლული ვიქნებიო და მართლაც, ასე აღმოჩნდა. მას თოდუას კლინიკაში ზუსტად ის პროცედურები ჩაუტარეს, რაც მოწამლული ადამიანის გამოსაჯანმრთელებლად იყო საჭირო. პატრიარქის ცუდად ყოფნის ამბავი რომ შევიტყვე, მეორე დღესვე საპატრიარქოში მივედი და მისი უწმინდესობის ამბავი ვიკითხე. დედებმა და სხვა სასულიერო პირებმა მითხრეს – სადილზე სააკაშვილი იყო მოსული და მისი წასვლის შემდეგ, პატრიარქი მაშინვე ცუდად გახდა, გაირკვა, რომ მოწამლული იყოო. საპატრიარქოში ასეთი პასუხი რომ მივიღე, სასულიერო პირებს კიდევ ერთხელ ვკითხე -ექიმებმა დაადგინეს, რომ პატრიარქი ნამდვილად მოწამლული იყო-მეთქი? დიახ, დადასტურდა, რომ მოწამლული იყოო, – მიპასუხეს! საპატრიარქოში პატრიარქისთვის ყოველთვის ახალი და ხარისხიანი საჭმელი მზადდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი უვარგისი კერძის მირთმევის გამო მოწამლულიყო, თანაც, იმ სუფრასთან კიდევ რამდენიმე ადამიანი იჯდა, მაგრამ პატრიარქის გარდა, არავინ მოწამლულა. ასე რომ, სრულიად ლოგიკურია კითხვა – სააკაშვილთან სადილობის შემდეგ მაინცდამაინც უწმინდესი რატომ შეიქმნა ცუდად და რატომ გახდა საჭირო თოდუას კლინიკაში მისი სასწრაფოდ გადაყვანა? როგორც გითხარით, პატრიარქმა თვითონვე იგრძნო, რომ მოწამლული იყო და ისეთი სიტყვები წარმოთქვა, რომელიც პირადად მე, მარწმუნებს, რომ მისი მოწამვლა სააკაშვილთან სადილობას უკავშირდებოდა!” – აცხადებს ნანა კაკაბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში, ფრიდონ თოდუამ გამოცემასთან კატეგორიულად უარყო პატრიარქის შესაძლო მოწამვლის ფაქტი და აღნიშნა, რომ პატრიარქი კლინიკაში მოწამვლის გამო არასოდეს ყოფილა. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს პატრიარქს თოდუას კლინიკაში სხვადასხვა პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარებია.