დეკანოზი გიორგი მამალაძე სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს. ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ბრალდებული არის სასულიერო პირი, რომელსაც აქვს კანონიკური წესები და თუნდაც ჩვენება მისცეს და ისაუბროს ბრალდებებზე, შესაბამისი იერარქიის პირებისგან სჭირდება კურთხევა. for.ge-სთან საუბრისას პატრიარქის მდივნი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ ბრალდებული დეკანოზის სურვილთან დაკავშირებით, შეხვდეს სასულიერო პირებს, საპატრიარქოში მსჯელობა არ ყოფილა. „ჩვენთან ასეთი თხოვნა შემოსული არ არის. ოფიციალურად არავის არ მოუმართავს. დეკანოზ გიორგი მამალაძეს უნდა დაესახელებინა, ვისთან აქვს შეხვედრის სურვილი. არ ვიცი, ძიების პროცედურული ნორმებიდან გამომდინარე, დასაშვები არის თუ არა სასულიერო პირთან მისი შეხვდრა ამ ეტაპზე. სანამ ადამიანი იმყოფება წინასწარ გამოძიებაში, ვიცი, რომ რაღაცა შეზღუდვები არსებობს. ამიტომ არ ვიცი, სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვის დართავენ ნებას მასთან შესახვედრად. მე ვიცი, რომ ეს შეზღუდვა არ ეხებათ უფლებადამცველებს, მაგრამ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ეს შეზღუდვა ვრცელდება სასულიერო პირებზე“, - აცხადებს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.
ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან გასაუბრებას არ აპირებს, ქორეპისკოპოსი იაკობი და აცხადებს, რომ არასერიოზულია სასულიერო პირებიდან იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ რაღაც შეიძლება არ გააკეთოს. მისი თქმით, ადამიანი თუ დაშორდა ღმერთს, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება გაიფიქროს და განახორციელოს.„არ ვიცი, ახლა იმას გონებაში რა აქვს. ძალიან მძიმე ბრალდებითაა დაკავებული. რა თქმა უნდა, მე არ გავესაუბრები მამალაძეს. ვისთანაც ახლოს არის, ისინი გაესაუბრონ. შიდა აუდიტს მე ვაკეთებდი, მამალაძე იბრალებს და არაფერი პრობლემა არ იყო მაგაში. ფინანსებთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არის ჩვენთან საპატრიარქოში. მაგ თემებზე მე მქონდა ნამუშევარი და მამალაძემ ჩემი ნამუშევარი თემები აიღო“, - აცხადებს ქორეპისკოპოსი იაკობი.
ინფორმაციას for.ge ავრცელებს.