ვისაც შევარდნაძის პერიოდში უცხოვრია, რა დაავიწყებს აღდგომის ღამეს!
ჯერ ხომ ბზობაზე შეეძლოთ პატარა ბიჭები და გოგონები ბზის ერთი ტოტის ხელში ჭერისთვის სკოლისა და ინსტიტუტის სადამსჯელო სკამზე დაესვათ და მერე, უშუალოდ აღდგომა ღამეს ერთადერთი ქართული არხი, რომელიც მაშინ არსებობდა, აუცილებლად უჩვენებდა ფილმს: "შესანიშნავ შვიდეულს", რომ ხალხი ეკლესიაში არ წასულიყო!
ძალიან ჰგავდა შევარდნაძის პერიოდს წლევანდელ აღდგომა ღამეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული პოლიტიკური თოქ-შოუ, რომელიც ვითომცდა ჟურნალისტ ბოლქვაძის ტრაგიკულ ბედს ეხებოდა.
ეს გადაცემა საგანგებოდ იყო ტელევიზიის მიერ ქართველი ხალხისთვის სადღესასწაულო ღამის ჩასაშხამებლად მოწოდებული.
ამავე დროს, თუ ჩავუკვირდებით, ხსენებული გადაცემა იყო მორიგი პასკვილი ზვიად გამსახურდიასა და მის ეროვნულ ხელისუფლებაზე - თანაც, რიგით მეორე გადაცემა.
პირველი გადაცემა კი შედგა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის მეორე დღეს, როდესაც საზოგადოებრივი არხის იმავე ტიპის შოუში წარსულის გასახსენებლად ზვიად გამსახურდიას ეროვნული მოძრაობის დროის "მადისკრედიტირებელი" წარსულის ეპიზოდი იყო გამოტანილი.
თუ რას ნიშნავდა სიმბოლურად ეს გადაცემა, ამის შესახებ აქციის მთავარმა მომწყობმა ბრძანა:
"ჩვენი გუშინდელი აქციის პასუხად დღეს ია და ვასიას ტელევიზიამ განმეორებით აჩვენა გადაცემა "ღირსების სასამართლოზე"... ეს გადაცემაც ჩვენი გუშინდელი აქციის პასუხი იყო. გამოდი ბიძინა, გიცანით!"
და, რომ ეს წინასააღდგომო გადაცემაც იმავე სერიიდან იყო, დადასტურდა გოგა ხაინდრავას სიტყვებით, რომ:
"სააკაშვილის დასაყრდენი ძალა არის ზვიად გამსახურდიას ყოფილი მხარდამჭერები".
ამით კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ საზოგადოებრივი არხის დღევანდელ ხელმძღვანელობას სულ არ აღელვებდა დათო ბოლქვაძისა და მისი ჭირისუფლების ტრაგედია - მათი მთავარი სამიზნე იყო თავად ზვიად გამსახურდია და მისი საქმის ღირსეული გამგრძელებელი - მიხეილ სააკაშვილი.
გამოდი, ბიძინა, გიცანით!
"თავისუფალი ზონის" მიმომხილველი