კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მსახიობ ზურაბ ყიფშიძის ჯამური შემოსავალი თვეში ხუთჯერ აღემატება დასახელებულ 400 ლარს.
როგორც მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ძალიან წუხს, რომ კონკრეტულ ადამიანზე უწევს დღეს საუბარი, მაგრამ მიიჩნევს, რომ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი და ამიტომ გადაწყვიტა ეპასუხა ბრალდებებზე.
“ყველანაირ ზღვარს გასცდა ამბავი, როდესაც საზოგადოება პირდაპირ შეცდომაში შეჰყავთ. არავითარ 400 ლარიან ხელფასზე და მითუმეტეს ყოველთვიურ შემოსავალზე საუბარი არ არის. ბატონი ზურაბი ბევრად მეტს, კონკრეტულ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრებში. ის ასევე არის გადაცემის წამყვანი „პირველ არხზე“ და კიდევ უფრო მეტი ანაზღაურება აქვს ყოველთვიური. აღარ ვამბობ ფონდი „ქართუს“ გრანტის მეშვეობით მიღებულ დახმარებაზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს კერძო თანხა არის და რატომ ითვლის სამინისტრო ამ თანხას. რა თქმა უნდა, ამას არ ვითვლი, უბრალოდ მინდა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ეს ინფორმაცია. მარჯანიშვილის თეატრი, თუმანიშვილის თეატრი და „ პირველი არხი“, ეს არის ის უწყებები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და შესაბამისად, აქედან აქვს საბიუჯეტო ანაზღაურება ზურაბ ყიფშიძეს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, გიორგიმ ან ზურამ რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც ამდენად გულისამაჩუყებელი ისტორია მოყვა პირდაპირ ეთერში გიორგი ყიფშიძემ, სადაც 400 ლარზე იყო საუბარი.“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.