სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი გია ყარამანაშვილი გაზეთ "ქრონიკა+"-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მას ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდან ტელევიზიის ”საბჭოსთვის” ჩუქება შესთავაზეს.
” - ბატონო გიორგი, როცა 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა და „ქართული ოცნება“ მოვიდა სათავეში, არ გქონიათ შემოთავაზება, რომ ტელეკომპანია დაგეთმოთ, ან გაგეყიდათ?
_ კი, იყო ამაზე საუბარი, ჩემმა ძმამ პირველ ინტერვიუში ილაპარაკა კიდეც, რომ იყო ასეთი შემოთავაზება, რომ ეს ტელევიზია საბჭოსთვის გვეჩუქებინა, რაზეც ლევანმა, რა თქმა უნდა, უარი უთხრა. რატომ უნდა ვაჩუქოთ ვიღაცას რაღაცა, ჩვენთვის ეს სრულიად გაურკვეველია...
_ თუ საიდუმლო არ არის, ვისგან იყო შემოთავაზება?
_ ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდან.
_ ვინ შედიოდა იმ საბჭოში, რომლისთვისაც ტელევიზიის ჩუქებას ივანიშვილი ითხოვდა?
_ საბჭოს შემადგენლობა არ ვიცი... ეს რომ რაღაც პატარა ტელევიზია ყოფილიყო, არავინ არაფერს შემოგვთავაზებდა, მაგრამ „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში ხელისუფლებას კონკრეტული ინტერესი ჰქონდა, რომ ტელევიზია მათ მიერ კონტროლირებადი ყოფილიყო, ეს პირველი დღიდანვე ცხადი იყო, ჩანდა თანამდებობის პირების საჯარო გამოსვლებშიც, აგრეთვე მინდა, ყველას შევახსენო პარლამენტში სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელსაც თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობდა და ამიტომაც იყო ეს შემოთავაზება. ამ სტრუქტურას ხუმრობით ჩვენ „ბრძენთა საბჭო“ შევარქვით.” - აცხადებს ყარამანაშვილი ქრონიკა პლუსთან ინტერვიუში.