ქვეყანაში შექმნილმა ზედმეტად ინტიმურმა გარემომ, სხვისი ლექსი გადამაკეთებინა, ცხოვრებაში პირველად:
გადადიოდა
ხელიდან ხელში,
კაციდან კაცში,
გვარიდან გვარში,
სახლიდან სახლში …
გზადაგზა სვამდნენ,
გზადაგზა ღვრიდნენ,
გზადაგზა ჰყრიდნენ,
გზადაგზა ჰრყვინდნენ
და
მიუხედავად ამისა მაინც,
გამოიარა პარტიის გული,
გამოიარა პარტიის სული,
გამოიარა პარტიის ძმები...
და
დღეს მიშაის ნაქონი სისხლით,
თბილისის ფართე ქუჩებში დადის...
და, აი, აქ უნდა გავჩერდე – იმდენად გრძელი სიაა, ვინმე რომ გამომრჩეს, ეწყინებათ...
(ლექსად დავიწყე და წყველად თუ მიიღებთ მავანნი, მე მაპატიეთ)...
სამყარო ნამდვილად პატარაა, იმდენად პატარა რომ ერთ დღესაც აუცილებლად შეიძლება ლოგინში შეხვდე მეგობრის ყოფილ ცოლს... პირველი ჭირს, თორემ მერე ლიწინ–ლიწინით მიდის...
ჰოდა, ასე პარტიის კუთხიდან შემოეფეთა გიგის ბარამიძის ყოფილი მეუღლე ეკა ჯაფარიძე გიგი უგულავას, შემოეფეთა და თვალი ვერ მოსწყვიტა...
აკრიახდნენ თბილისელი „უხოხბესები“ (როგორ თავად უწოდებენ თავს) – ვინ მოსდევს უგულავას ცოლადო? იმან გვესროლოს ქვა, ვისაც არ უჭორავიაო... თავის ცოლს ვერ მიხედაო და...
და დაუკომენტარეს იქვე რიტორიკულად: ცოლია ეგ თუ რაგბის ბურთი და პასი აქვთ გადასაცემიო?
მანამდე კი... მანამდე იყო ლელა კილაძისა და გიგი უგულავას დიდი სიყვარულის დიდი ისტორია... ლამაზი დღეებით, ბევრი პლასტიკური ოპერაციით, ჩვენი ჯიბიდან გადახდილი პლასტიკური ოპერაციით და ბევრი, ისევ ჩვენი ჯიბიდან დაფინასებული შოპინგითა და დასვენებით...
მამა ცხოვრება რაია? – ჰკითხა გურულს ყაზილარმა.
ცხოვრება, ბაბა, აგერ საქათმეზე რომ კიბე გვაქ, იმასავითაა – აუხსნა მამამ, იგულისხმა რომ ცხოვრებაზე, როგორც კიბეზე, ადიხარ და ჩამოდიხარ...
დაფიქრდა შვილი: – ანუ, მოკლე და სკინტში ჩაფლულიო?
კი, ბატონო, ასეა, ზოგის მოკლეა, სკინტში ჩაფლული – და მაინც არ ყარს... ზოგის გრძელია, მოვარაყებული, მდიდრული, ძირს ხალიჩა აქვს გაფენილი, საფეხურებზე ნაირნაირი სასმელები ალაგია, რიკულებზე ლამაზმანები შემომსხდარან... და ყარს, ვაი, როგორ ყარს...
შეაწუხა პროკურატურა სუნმა და დაიჭირეს უგულავა... უკითხავს უგულავას საყვარელი ცოლისთვის – ხომ იტირებ, მე რომ არ ვიქნები შენს გვერდითო?
აბა რა, საყვარელო, ხომ იცი, მე უბრალო რამეზე მეტირება ხოლმეო – უპასუხნია ერთგულ ცოლს და მას შემდეგ სულ ტირილითა და ამერიკული სერიალების ყურებით იყო დაკავებული. – სახლიდან არ გამოდის, 24 საათი სახლში ზის და როგორ უყრით ჭორს, როგორ არ გრცხვენიათო, გვამუნათებდა ნანუკა ჟორჟოლიანი...
ჭორი რომ სიმართლედ გადაიქცა, დავფიქრდით გოგოები, ანუ, ტირილი, სახლში ჯდომა და ამერიკული სერიალების ყურება და დავთხოვდებით?
ნამეტანი ადვილი ჩანს, რაღაც სხვა საქმეა მანდ... არა, ინგლისური არ ვიცით და ამერიკულ სერიალებს შეიძლება ვერ ვუყუროთ, თორე სახლში ჯდომა და ტირილი ჩვენც შეგვიძლია, მაგრამ, რაღაც არც ეგ ქალბატონი რომ არ გავდა სახლში ნაჯდომსა და თვალებდასიებულს?...
მოგვიანებით, ლელა კილაძეს ახალი ქმარი რომ დაუჭირეს, მოსთქვამდა: – ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველა დაიჭირესო და... კიდევ უფრო დავიბენით...
ბიჭოს, სექსს ბევრი სახელი რომ აქვს, გაგვიგია, მაგრამ – გამარჯობაც თუ ერქვა, არ გვეგონა... მას მერე შეშინებულები ყველა ნაცნობს აღარ ვესალმებით...
უკაცრავად და ვისაც გამარჯობას ეუბნებით, ყველას რომ ცოლად მიყვებით, არა უშავს?
და დაიყარა ფეისბუქზე ვერსიები:
ერთი ვერსიის თანახმად, ეგენი, ნაცები, მართლმადიდებლები კი არა ხლისტები არიან...
მეორე ვერსიას კიდევ უფრო მეტი მხარდმჭერი ჰყავს და ისინი – სვინგერებად მოიხსენიებენ ნაცებს... აკი, იდებოდა კიდეც უგულავას ისეთი ფოტოები, აი სვინგერებისეულიო და ცოდვა გამხელი სჯობს, შეწინააღმდეგება მიჭირს... უფრო გაბედულები ამატებდნენ – უგულავა და ბარამიძე ეტყობა ადრეც ცვლიდნენ ცოლებს და მოეწონა ყოფილ მერს მაშინვე, თორემ, ასე მალე როგორ მოასწრებდაო... აი, ახლა, ეგ მართლა არ ვიცი... მე საიდან, ერთი პატარა ადამიანი ვარ...
ა, ქალიო – დააფასეს თეა წულუკიანი... გათხოვდა ერთხელ და მყარადო...
ერთი ანეგდოტი გამახსენდა კიდევ: გურული მოხვდება კაციჭამიების კუნძულზე, ჩასვამენ ქვაბში, დააყრიან სუნელებს, დაასხამენ წყალს და შეუდგამენ კოცონს... ტუსაღმა ერთ ცხვირში რგოლგაყრილ კაცში ნაცნობი გურული ამოიცნო და თავგანწირული ხმით შესძახა: – გურული არ ხარ, ძამა შენ?
კი ვარ, გურული, მარა მშია, ძამა – ამოილუღლუღა კაცმა...
მეგობარი და თანაპარტიელი არ ხარ შენც, კაცო, ბარამიძის? რა გშიათ ეგეთი? რაღა ერმანეთის ცოლებისა გშიათ, ჰა? კასტაა? ცისფერი სისხლია და სხვა პარტიაში აღრევა არ შეიძლება, თუ როგორ არის თქვენი საქმე?
მახსოვს, შევარდნაძე რომ დავსვით პრეზიდენტად და დაგვაქცია, გურულები თავს ბოლომდე ვიმშვიდებდით: – ნამეტანი ბინძური რამეა პოლიტიკა, ასე შორიდან რას გევიგებთ, ისე უცებ გამოასტორებს ყველაფერს, წამში... ახლა ასე სჭირდება საქმესო...
მაგრამ, სად ხარ, თურმე, კიდევ უფრო დამყაყდება, კიდევ უფრო დაბინძურდება, კიდევ უფრო აყროლდება... უფრო გახლისტდება, უფრო გასვინგერდება...
ასე სჭირდება, ალბათ, საქმეს, რას გავუგებთ, პოლიტიკას... იქნება და მე ვერ ვარჩევ ბაჯაღლოს რკინისგან?
კახელს ჰკითხეს: – როგორი სიდედრი გყავს?
რას ამბობ, ჯოო, ჩემი სიდედრი ოჯახის განძია, ბიჯოო...
ვაა, ეგეთი კარგია?
მააშ, ეგეთია, მეშინოდა რო არავის მაეპარა ჩემი განძი და წინა შაბათს 2 მეტრის სიღრმეზე ჩავფალიი...
ამათ ორი მეტრი არ ეყოფათ...
ამდენი წლის ნაგროვებ განძს, ორი მეტრი არ ეყოფა...
გასათხოვარმა, გაუთხოვარმა გოგოებმა და ქალებმა დამაბარეს: ერთი კაცი დაგვიტოვონ მადლად გაუცვეთავი და უხმარიო... მაგათ 5 ქმარი და ჩვენ არც ერთი, სადაური სამართალიაო...
მეგობრის ქმართან დაწვებით? – დავუსვი გადამწყვეტი კითხვა...
ტიტუუუ – იყო პასუხი...
ე, როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა, ამაშია, ბატონო, საქმე...
ისე, ამბობენ, ქორწილი ცოტა ხნით გადაიდებაო, ნორა ბიცოლა გარდაიცვალა და ორმოცამდე მაინც აპ, აპ... რავა გამოვა...
„საერთო გაზეთი“
თამუნა კეშელავა