ამ წუთებში უზენაეს სასამართლოსთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად "რუსთავი 2"-ის დასაცავად საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა კობა ხაბაზმა განაცხადა, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ეროვნული ბანკის, პროკურატურის, პოლიციის და სასამართლოს მსგავსად "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდებას სცდილობს.
"დღევანდელი დღე არ არის ჩემთვის მხოლოდ "რუსთავი 2"-თვის და მხოლოდ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა. პირველ რიგში ეს არის ჩემი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა. ამ ქვეყანას არ ექნება მომავალი, თუ ივანიშვილი თავისი საცეცეებით ბოლო ბასტიონს, "რუსთავი 2"-საც მოახრჩობს და მოგუდავს. მან ხელში ჩაიგდო ეროვნული ბანკი, პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო და ახლა სურს, "რუსთავი 2" წაიღოს. "რუსთავი 2" დარჩა ბოლო ბასტიონი და სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ, ბიძინა ივანიშვილს უნდა მოვაჭრათ ბოლო საცეცეები. ჩამოვაჭრით ივანიშვილს იმ საცეებს და საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი",- აღნიშნა კობა ხაბაზმა.