თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა დამამთავრებელ კურსზე ჯერ ბუდაპეშტში სწავლის გაგრძელების სრული დაფინანსება მოიპოვა, გასული წლის მაისში კი ჯონ როკფელერის "სტანდარდ ოილის" შთამომავალი კომპანიის ExxonMobil-ის თანამშრომელი გახდა.
მარიამ დევაძემ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. მე-9 კლასში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადაში მონაწილეობდა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა, რის შემდეგადაც თბილისში ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე მიიწვიეს. ამ ფაქტს მარიამ დევაძე პირველ მცირედ მიღწევას უწოდებს, რომელიც მისთვის უფრო მეტის მიღწევის მოტივაციად იქცა.
მარიამ დევაძე „ბიზნესპრესნიუსს" თავის მიღწევებზე, წარმატებისკენ მიმავალ გზასა და მასზე არსებულ დაბრკოლებებზე ესაუბრა.
როგორც ExxonMobil-ის ფინანსური ანალიტიკოსი „ბიზნესპრესნიუსთან| საუბრისას აცხადებს, მსოფლიოს უდიდეს ნავთობმომპოვებელ კომპანიაში დასაქმების ეტაპზე საკმაოდ ბევრი დაბრკოლება შეხვდა.
„დაბრკოლებები ჩემს ცხოვრებას ყოველთვის თან ახლავს, მაგრამ როგორც გამოწვევებს, ისე ვუყურებ. ExxonMobil-ში დასასაქმებლად რამდენიმე ეტაპია გასავლელი. აპლიკაციის შევსება, სატელეფონო გასაუბრება, ტესტირება, ბოლოს 4 ადამიანის დარწმუნება გიწევს, რომ შენ ხარ ის, ვისაც ისინი ეძებენ. თავიდან მეგონა, რომ სტუდენტურ სტაჟირებაზე ვაგზავნიდი აპლიკაციას. თუმცა აღმოჩნდა, რომ პირდაპირ კონტრაქტი გამიფორმეს. მუშაობა ჩემზე ბევრად უფროს და გამოცდილ ადამიანებთან ერთად მიწევს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, ხანდახან შედეგის მისაღწევად დღეში 16 საათს ვმუშაობდი. რაც შეეხება დაბრკოლებებს, თავდაპირველად კომპანიის წარმომადგენლები ვერ მიკავშირდებოდნენ, როდესაც ტესტი უნდა დამეწერა მთელს ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა და სატრანსპორტო სისტემა პარალიზებული იყო, გასაუბრებაზე ზუსტად იმ დღეს დამიბარეს როცა უკან ვბრუნდებოდი, ოფისში პირდაპირ აეროპორტიდან მივედი და 10 წუთიანი დაგვიანების გამო გასაუბრება არ ჩატარდა. მომწერეს, რომ ჩემს კანდიტატურას აღარ განიხილავდნენ, რადგან გასაუბრებაზე არ გამოვცხადდი. თუმცა, არ დავნებდი და საპასუხო წერილი გავუგზავნე. ჩემი წერილის შემდეგ კიდევ ერთი შანსი მომცეს", - ჰყვება ExxonMobil-ის ბუდაპეშტის ფილიალის ფინანსური ანალიტიკოსი მარიამ დევაძე.
ბუდაპეშტის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ფინანსებისა და აღრიცხვის მიმართულების ფაკულტეტი მარიამ დევაძემ გასული წლის ზაფხულს დაამთავრა. ბუდაპეშტში სწავლის გასაგრძელებლად უნგრეთის მთავრობის სტიპენდია 2015 წელს მოიპოვა. როგორც მარიამი „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, დაფინანსება სრულად მოიცავდა სწავლის საფასურს, საცხოვრებლის ანაზღაურებასა და ჯიბის ფულს.
წარმატებული ახალგაზრდა საზღვაო ტრანსპორტის ეკონომიკის შესახებ დაწერილი წიგნის ერთ-ერთი თანაავტორიც არის.
„სახელმძღვანელოში განხილულია სანაოსნო ინდუსტრიის ორგანიზაციისა და საზღვაო ვაჭრობის ეკონომიკური საკითხები, ასევე მსოფლიოს უდიდესი ნავთობკომპანიების საქმიანობის არეალი. ნაშრომი სახელმძღვანელოდ რეკომენდირებულია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაციისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ნავსადგურების მენეჯმენტის სპეციალობისათვის", - ამბობს მარიამ დევაძე.
სამომავლო გეგმებზე წინასწარ არასდროს საუბრობს. ამბობს, რომ თუ ადამიანს რაღაცის დიდი სურვილი აქვს, აუცილებლად მიაღწევს ყველაფერს.
„მთავარია არ დანებდე. ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად საჭიროა მიზანმიმართული შრომა და საკუთარი თავის რწმენა", - აღნიშნავს დევაძე.
საკუთარი მიზნების მიღწევის მთავარ სტრატეგიად კი ამერიკელი მწერლის ერლ ნაითინგეილის სიტყვებს ასახელებს - „თქვენ დაგჭირდებათ გეგმა, საგზაო რუკა და გამბედაობა, რომ დანიშნულების წერტილამდე მისასვლელად გეზი აიღოთ."