ექს-პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი ფეისბუქის პირად გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. სააგენტო on.ge-ის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის სიით არჩეულ სანდრა რულოვსს, რომელმაც საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა, პარლამენტიდან ანაზღაურება დაერიცხა. მისი შემოსავალი 1 675 ლარი იყო, საიდანაც თანხის 60 პროცენტი - 1 008 ლარი დანამატი გახლდათ.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე მივიღე დეპუტატის ხელფასი და დანამატი. ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! მოგეხსენებათ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 18 ნოემბერს და ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში შევიდა ჩემი პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. აღნიშნული საკითხის განხილვა და უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა 2016 წლის 1 დეკემბერს. მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ჩემმა, როგორც დეპუტატის ხელფასმა შეადგინა 1339 ლარი. ჩემი თხოვნით ეს თანხა სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდ ააიპ "ბავშვთა ჰოსპისს", რომლის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონებავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა. აღნიშნულს ადასტურებს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (იხილეთ)
ჟურნალისტები, რომლებიც მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით არიან დაკავებულები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას და უმჯობესი იქნებოდა გაეშუქებინათ ბავშთა ჰოსპისის საქმიანობა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვებისათვის (www.childrenshospice.org.ge)", - წერს სანდრა რულოვსი პოსტში.
შეგახსენებთ, სანდრა რულოვსმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერი და მაჟორიტარი დეპუტატი იყო ზუგდიდში (არჩევნებში დამარცხდა "ქართული ოცნების" კანდიდატთან), პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა. მის ნაცვლად, პარლამენტში შევიდა გიორგი ღვინიაშვილი.