ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სკოლის მოსწავლე გოგონა, რომელიც მანდატურმა დააორსულა

    Картинки по запросу dzaladoba
    გასულ კვირას მედიაში 15 წლის გოგონას გაუპატიურების ამბავი გავრცელდა. იმერეთის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მანდატურმა არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შედეგადაც გოგონა ორსულად დარჩა. ისტორიას კიდევ უფრო ამძიმებს ერთი გარემოება: გაუპატიურების მსხვერპლ გოგონას ოჯახი მოძალადეზე გათხოვებას აიძულებს. ვინაიდან საქმე არასრულწლოვანს ეხება, ჩვენ იდენტიფიცირებისგან თავს ვიკავებთ, თუმცა გაგაცნობთ დაზარალებული გოგონას დედის ინტერვიუს, რომელიც მზად არის, თავისი 15 წლის ქალიშვილი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, მოძალადეს მიათხოვოს.
    მანდატური, რომელიც 15 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირში ამხილეს, 40 წლის გახლავთ. ის სკოლიდან დეკემბერში გაათავისუფლეს. ჯერჯერობით მას ბრალი წარდგენილი არ აქვს და არც ისაა გამორიცხული, რომ ოჯახები ერთმანეთში „შინაურულად მოგვარდნენ“. მანამდე კი მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ შესაძლოა, დაზარალებულის ოჯახის პოზიციამ მოძალადე სასჯელს ააცილოს, სანაცვლოდ კი 15 წლის გოგონა ცოლად შერთონ.
    ნინო კ., დაზარალებულის დედა:
    – მე მინდა მშვიდობა და ის, რომ ნორმალურად მოგვარდეს ეს სიტუაცია. ბიჭი ამბობს, მოვკიდებ გოგოს ხელს და წავიყვან ცოლადო. ბავშვსაც მივხედავ, რომ გაჩნდებაო. აბა, რა ქნას, მისი შვილია!
    – და თუ არ წაიყვანს ცოლად…
    – თუ უარს იტყვის და ცოლად არ წაიყვანს, მერე უკვე სხვანაირად მივხედავ მაგ საქმეს. მე არ მინდა ჩხუბი და აყალმაყალი. მინდა, წყნარად გადაწყდეს ეს საკითხი. რაც მოხდა, მოხდა.
    – თქვენ რატომ ვერ შეამჩნიეთ ეს ამბავი? რამდენად უთმობდით ყურადღებას თქვენს ქალიშვილს?
    – მე არაფერი ვიცოდი. 15 წლის არის ბავშვი. ეს კაცი აქვე ცხოვრობს მეზობლად და ჩავაბარე – სკოლაში რომ მიდიოდა მანქანით, გააყოლებდა ხოლმე. ვიფიქრე, უფროსი კაცია და როგორც საკუთარ შვილს, ისე მიაქცევს ყურადღებას-თქო. რა ვიცოდი, ასეთ რამეს თუ უზამდა. სექტემბრიდან ყოფილა ეს ამბავი. იმის წინა წელს არაფერი.
    – ანუ თქვენი პოზიციაა, რომ 15 წლის გოგონა 40 წლის კაცს მიათხოვოთ?
    – გაფუჭებული საქმეა და აბა, სხვაგვარად რაფერ იქნება. მაგას რა შველის სხვა. ციხეში რომ ჩავსვა, მე რა ხეირი ამით?! ბავშვს ხომ უნდა მიხედვა?! პატარამ, ჯერ რომც არ დაბადებულა, რა დააშავა, ხომ სჭირდება მამა და ყურადღება.
    – და თქვენი არასრულწლოვანი ქალიშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არ გიფიქრიათ? იქნებ მას დახმარება სჭირდება… აცნობიერებთ, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ის სამომავლოდ?
    – მაგაზე თავის დროზე უნდა ეფიქრა.
    – გასაგებია, მაგრამ ის ხომ არასრულწლოვანია… იქნებ აიძულა, დააშინა, ან, უბრალოდ, ვერ აცნობიერებდა…
    – ასე თქვა, არანაირი ძალადობა არ ყოფილაო. ამ ამბის მერე ნახევრად მკვდარი ვარ ქალი. სულ არ მიხარია, რომ მაგას უნდა მივათხოვო, მაგრამ რა ვქნა, იმ პატარა ბავშვს ხომ უნდა პატრონი. დამღუპეს და დამაქციეს, მაგრამ ხელი არ დამიკარებია. ფეხმძიმე ბავშვი რომ გამელახა, აქეთ დამაჯენდნენ ციხეში.
    – თქვენთვის როგორ გახდა ცნობილი ეს ფაქტი?
    – ექიმმა დამირეკა. თვითონ მისულა მასთან.
    – სხვა შვილები გყავთ?
    – კი, 11 წლის გოგონა მყავს კიდევ. მე გადასარევი დედა ვარ. ყურადღება არ მომიკლია არც ერთისთვის. ჩავაბარე კაცს, მეგონა, დაიცავდა ბავშვს და ამის ნაცვლად თურმე ასეთ რაღაცას უკეთებდა. აბა, ამას რომელი მშობელი წარმოიდგენდა. არც კი მიფიქრია მსგავსი რამ. კარგი და სანდო კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა ყოველთვის.
    – თქვენს ქალიშვილს ფსიქოლოგიური დახმარება თუ გაეწია?
    – არა. არ სჭირდება ფსიქოლოგი. რა ვიცი, ნორმალურად ლაპარაკობს.
    – თქვენ მეუღლე გყავთ?
    – დიახ, მყავს. განიცდის კაცი, მაგრამ რა ქნას. ისიც ამ აზრზეა.
    – სოციალურად დაუცველი ბრძანდებით?
    – დიახ.
    – გქონდათ საუბარი იმ მამაკაცთან?
    – დიახ, ჩემები ელაპარაკნენ. ამბობს, ცოლად მოვიყვანო და რა ვიცი. ცოლსაც და შვილსაც მე მივხედავო. ასე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ბავშვი უკვე 4 თვის ორსულია და ახლა ჩხუბს აზრი აღარ აქვს. მე არ მინდა, რომ ციხე მისცენ. მთელი სოფელი შეწუხებულია მომხდარით. ყველა იმ აზრზეა, რომ ცოლად უნდა მოიყვანოს.
    „პრაიმტაიმი“ მანდატურის სამსახურის პოზიციითაც დაინტერესდა და შეეცადა, გაერკვია, რამდენად უზრუნველყოფენ მანდატურები სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოებას? ჩვენს კითხვებს უწყების ადმინისტრაციის უფროსმა, შორენა ზედგინიძემ უპასუხა:
    – როდესაც ამ ფაქტის შესახებ შევიტყვეთ, მყისიერად ინფორმაცია მივაწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე, სოციალური მომსახურების სააგენტოს. რაც შეეხება უშუალოდ მანდატურს, მასთან შრომითი ურთიერთობა აღარ გაგრძელდა.
    – რამდენი წელია, რაც ეს პიროვნება მანდატურად მუშაობს?
    – ის ჩვენთან მუშაობს 2012 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში არანაირი დარღვევა, ან გადაცდომა არ ჰქონია.
    – ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეულწილად უნდა გადაიხედოს მანდატურის სამსახურის საქმიანობა, ან შერჩევის კრიტერიუმები დაიხვეწოს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ იყო სხვა რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც მანდატურმა, როგორც მინიმუმ, ვერ დაიცვა სკოლის მოსწვალე სექსუალური ძალადობისგან…
    – მანდატურის სამსახური, ზოგადად, ეფექტურად მუშაობს, რასაც კონკრეტული სტატისტიკაც მოწმობს. მაგალითად, 2016 წლის განმავლობაში რეგიონებიდან იყო მოთხოვნა სკოლებში მანდატურის სამსახურის შეყვანის. 40-მდე საჯარო სკოლაში შევედით გასულ წელს, 2017 წელსაც გვაქვს საკმაოდ მზარდი მოთხოვნა. მანდატურის სამსახური რომ არაეფექტური იყოს, დამეთანხმებით, მოთხოვნაც არ იქნებოდა.
    – იქნებ განვუმარტოთ ჩვენს მკითხველს მანდატურის უფლება-მოვალეობები?
    – მანდატური პასუხისმგებელია სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კონტროლზე, გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთასა და ბავშვების უსაფრთხოების დაცვაზე. როგორც კი რაიმე სახის ძალადობა მოხდება, მყისიერად ვახდენთ ინფორმაციის მიწოდებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საჭიროების შემთხვევაში საქმეში ერთვება ფსიქოლოგი.
    – თუმცა ზემოხსენებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური დახმარება არ გასწევია…
    – ეს მომსახურება ნებაყოფლობითია. ეს ხდება ურთიერთშეთანხმებით მშობელსა და სკოლას შორის. ამ შემთხვევაში შეთავაზება გაკეთებულია, თუმცა ოჯახს ამის სურვილი არ გამოუთქვამს. ჩვენ ვერ დავავალდებულებთ, რომ ბავშვმა ფსიქოლოგის მომსახურებით ისარგებლოს.
    ეს სკოლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის, ან ძალადობის მცდელობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. რამდენიმე თვის წინ „პრაიმტაიმი“ წერდა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტზე. მაშინ რედაქციაში მოსწავლის მშობელი დაგვიკავშირდა, რომელმაც გვაცნობა, რომ უცნობმა მამაკაცმა არასრულწლოვან ბავშვზე სექსუალური ძალადობა სცადა. საუბარია დაწყებითი კლასის მოსწავლეზე. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვაცნობა, შუახნის მამაკაცი ბავშვს გაკვეთილების მიმდინარეობისას საპირფარეშოსთან დახვდა და მის მიმართ ძალადობა სცადა, თუმცა არასრულწლოვანმა კლასში გაქცევა მოახერხა. მოგვიანებით კი მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო.
    „ბავშვის მშობლები სკოლაში გაგიჟებულები მიცვივდნენ, როგორია – შვილს უშვებ სკოლაში, გგონია, რომ იქ უსაფრთხოდ არის და ამ დროს ვიღაც დეგენერატი ხვდება საპირფარეშოსთან. საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა სკოლის დირექტორსა და ბავშვის მამას შორის, რამე რომ მომხდარიყო, აგაფეთქებდითო, ეუბნებოდა გაგიჟებული კაცი. ნამდვილად ვერ გაამტყუნებ მშობელს. ზოგადად, ძალიან უყურადღებობაა ამ სკოლაში. დირექციამ არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ელემენტარული პასუხისმგებლობა და ბავშვების უსაფრთხოება უზრუნველყოს?! მშობლები შოკში იყვნენ. ბავშვს რომ სკოლაში ვუშვებ, იმის შიში უნდა მქონდეს, რომ შეიძლება ვიღაც დახვდეს და თუნდაც შეაშინოს? სხვათა შორის, ეს ამ სკოლაში პირველი შემთხვევა არ არის. როგორც ვიცი, 2008 თუ 2009 წელსაც მოხდა დაახლოებით მსგავსი რამ, მაგრამ დირექციამ მაშინაც საგულდაგულოდ მიჩქმალა“,– ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
    ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით (გარყვნილი ქმედება) დაიწყო, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, საქმე „დანაშაულის არარსებობის გამო“ დაიხურა.
    ფსიქოლოგების აზრით, სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების ფსიქორეაბილიტაცია. როგორც წესი, ამ საკითხით არავინ ინტერესდება – არც ოჯახი, არც სკოლა და არც სასამართლო. არსებულ პრაქტიკას თუ გადავხედავთ, მსგავსი შემთხვევები ძირითადად „შინაურულად“ გვარდება – ტრავმირებულ არასრულწლოვანს ან მოძალადეზე ათხოვებენ, ან დაზარალებულის ოჯახს ფულის სანაცვლოდ აჩუმებენ.
    მაგალითად, არავის უზრუნია კახეთში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12 წლის გოგონას ფსიქორეაბილიტაციაზეც. მეტიც, მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ის მშობელმა ისევ იმ სკოლაში დააბრუნა, სადაც მასზე სექსუალურად მოძალადე ბიჭები სწავლობენ. ოჯახმა სოციალურ მუშაკებს ძალადობის მსხვერპლთან შეხვედრის საშუალებაც კი არ მისცა. საუბარია ერთ-ერთ სოფელში მერვეკლასელი ბიჭების მიერ მეშვიდეკლასელი გოგონას გაუპატიურებაზე. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, გოგონას სკოლის უკან ტერიტორიაზე, ნაკვეთებში აუპატიურებდნენ.
    ფსიქოლოგების შეფასებით, ეს არის საკმაოდ ძლიერი ტრავმა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ტოვებს ადამიანზე ძალიან სერიოზულ დაღს, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური და სოციალური თვალსაზრისით.
    მარინა გოგსაძე, ფსიქოლოგი:
    „ეს არის მართლაც ძალიან მძიმე ტრავმა. აუცილებელია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. მით უმეტეს, როდესაც საუბარია არასრულწლოვნის დაორსულებაზე. ამ შემთხვევაში თავად ჩვილიც ძალადობის მსხვერპლია. შესაბამისად, თუ ადეკვატური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარდა, შესაძლოა, ეს საკმაოდ განგრძობადი პრობლემა აღმოჩნდეს. ჩემს პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა, როდესაც მამინაცვალმა გააუპატიურა საკუთარი გერი. მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ ეს ტრავმა კვლავ არსებობს და არსებობს სწორედ იმის გამო, რომ თავის დროზე ადეკვატური დახმარება არ გაეწია ძალადობის მსხვერპლს. იმან, რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება თქვენი მკითხველის ნაწილის აღშფოთება გამოიწვიოს, მაგრამ ეს ფაქტია. როდესაც საქმე ეხება ოჯახის ახლობლის მხრიდან არასრულწლოვნის გაუპატიურებას, ხშირად აქ არაცნობიერად მაპროვოცირებელია ბავშვის დედა. თუნდაც იმ კუთხით, რომ დედამ თავისი ქალიშვილი უნდა დაიცვას ფსიქოლოგიურ დონეზე. ამიტომ ძალიან დიდია დედის პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, როდესაც საქმე ეხება ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანს, აქ სახელმწიფოც გაცილებით ეფექტური უნდა იყოს, რათა მსხვერპლს დროულად გაეწიოს დახმარება და ის არ აღმოჩნდეს დამატებითი ტრავმის ობიექტი, ამჯერად უკვე საზოგადოების მხრიდან“.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი