„ზუსტ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ გაზაფხულზე „ოცნება“ დაიშლება. ახლა, ეს შეიძლება, ჩემი ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნიოთ, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობაში რყევები უკვე დაწყებულია და ამას პირად საუბრებში თავად მმართველი გუნდის წევრებიც აღიარებენ,“ - ეუბნება „ნიუპოსტს“ ინფორმატორი, რომელიც ამჯობინებს, რომ მისი ვინაობა არ გასაჯაროვდეს.
აქვე, კონფიდენციალური რესპონდენტი აღნიშნავს, რომ უმრავლესობა ერთიანი არასოდეს ყოფილა.
„მართალია, „ოცნებამ“ 8 ოქტომბრის არჩევნები მოიგო, მაგრამ იგივე იმ ადამიანებმა, რომლებიც დეპუტატები გახდნენ, ერთმანეთი მხოლოდ მას შემდეგ გაიცნეს, რაც მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. ჰოდა, როცა ადამიანებს ერთმანეთისთვის „გამარჯობა“-ც არ ჰქონდა ნათქვამი, ერთი გამაგებინეთ, რომელ ერთიანობაზეა ლაპარაკი?
სხვათა შორის, ისიც მითი და ილუზიაა, ვიღაცაზე რომ ამბობენ, საპარლამენტო სიაში ივანიშვილის, ან კვირიკაშვილის მფარველობით მოხვდაო. ახლა, ყოფილი და მოქმედი პრემიერები შეიძლება, ერთ-ორ პიროვნებას მართლაც, ლობირებდნენ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, სია სპონტანურად შედგა, ანუ ვისაც ვინ ახსენდებოდა, „ზევით“ იმის გვარი მიჰქონდა. „ოცნების“ „სტაფს“ თუ ეს პიროვნება ჭკუაში დაუჯდებოდა, ურეკავდა და სთავაზობდა, თუ გინდა, სიაში ჩაგწერთ და დეპუტატი გახდებიო. ახლა კი, ამ მხრივ „ოცნებაში“ სრული ქაოსია - კვირიკაშვილს დეპუტატების ლობირებისთვის არ სცალია. ივანიშვილთან პირდაპირი კავშირი კი თავიდანვე სულ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა და ახლაც აქვს, მაგრამ როგორც მე ვიცი, ბიძინა მათთან კონტაქტისგანაც თავს იკავებს,“ - უყვება „ნიუპოსტს“ წყარო და დასძენს, რომ „გაზპრომთან“ გაფორმებულმა ახალმა ხელშეკრულებამ უმრავლესობაში სიტუაცია ძალიან „აჭრა“.
„არ ვიცი, ვისგან, მაგრამ დეპუტატებს „მობილურზე“ მესიჯები დაეგზავნათ, რომლის შინაარსიც, დაახლოებით, ასეთია, თუ ჟურნალისტები „გაზპრომზე“ რამეს ჰკითხავენ, უნდა უპასუხონ, ამ თემაზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და საკითხი ამოწურულიაო, არადა, „ოცნების“ ბევრ წევრს „გაზპრომთან“ გაფორმებული ახალი ხელშეკრულება, როგორც ვიცი, არ მოსწონს და ამ საკითხზე, ადრე თუ გვიან, საჯარო განცხადებასაც გააკეთებს,“ - მიიჩნევს „ნიუპოსტის“ რესპონდენტი, რომელიც არც იმას გამორიცხავს, რომ „გაზპრომის“ სკანდალი კალაძისთვის შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს, ანუ როგორც წყარო ამბობს, ყოფილმა ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება ავტონომიურ რეჟიმში მიიღო და იმედოვნებდა, რომ ხმაური მალე ჩაცხრებოდა, მაგრამ ოპოზიციასა და არასამთავრობოებთან ერთად, „გაზპრომის“ გამო უკმაყოფილება სახელისუფლებო გუნდთან დაახლოებულმა წრეებმაც გამოთქვეს.
„ზუსტად ამის გამო კალაძე ძალიან გაბრაზდა და ეს გაბრაზება იმ პრესკონფერენციის დროსაც ეტყობოდა, რომელზეც „გაზპრომთან“ ურთიერთობაზე ილაპარაკა“, - აღნიშნავს ადამიანი, რომელმაც „ნიუპოსტის“ „ოცნების“ უმრავლესობის შესაძელო დაშლის თაობაზე კულუარული ინფორმაცია მოაწოდა.
ზოგადად, იმ ადამიანების უმეტესობა, რომელიც ქართულ პოლიტიკას აკვირდება, თანხმდება, რომ მმართელი პარტია ეკლექტური გაერთიანებაა, კერძოდ, საუბარი იმაზეა, რომ იგივე „ნაცმოძრაობისგან“ განსახვავებით, „ოცნებაში“ ადამიანები იდეის გარშემო კი არა, არამედ, უმეტესად, გამორჩენის მიზნით არიან გაწევრიანებულები.
„პარტია, რომელსაც იდეა არ აქვს, პოლიტიკაში დიდხანს ვერ დარჩება და ამის არაერთი მაგალითი გვინახავს. გავიხსენოთ თუნდაც „მოქკავშირი“, ან „აღორძინება“ - ეს ორივე პარტია მაშინათვე ჩამოიშალა, როგორც კი შევარდნაძე და აბაშიძე პოლიტიკას ჩამოსცილდნენ.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, მართალია, ბოლო დროს ამ პარტიაში დიდი ორომტრიალია ატეხილი, მაგრამ ვინც რა უნდა თქვას, ფაქტია, „ნაცმოძრაობა“ იდეეის გარშემო გაერთიანებული ერთობაა, თუმცა სხვა საქმეა, ეს იდეა რამდენად კარგი და მისაღებია,“ - ეუბნება „ნიუპოსტს“ წყარო, რომელიც ვარაუდობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს გაზაფხულზე უნდა ველოდოთ.
„ნიუპოსტი“, ბუნებრივი, დაინტერესდა, „პოლიტიკური რყევები“ რას ნიშნავს, რაზეც ინფორმატორისგან ასეთი განმარტება მოისმინა:
„არ გეუბნებით, რომ ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ბევრი რამე ტრამპის და პუტინის შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ და ჩვენთან პროცესებიც იმის მიხედვით განვითარდება, რა გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებენ, თუმცა ერთი რამ ნათელია: გაზაფხულზე ლარი კიდევ უფრო არამყარი გახდება; ჯერ სად გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, ის ეკონომიკაც ჩამოიშლება და ხალხი არსებობისთვის ბრძოლას დაიწყებს. ამ ვითარებაში მარტო ხელისუფლებას კი არა, ზოგადად, მთელ პოლიტიკურ სპექტრს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
ისე, მე თუ მკითხავთ, ხელისუფლება დღესაც ქუჩაში გდია, მაგრამ არავინ არის, ვინც აიღებს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ძალა, რომელიც მმართველი გუნდის და, ასევე, ოპოზიციის გამოფხიზლებას შეეცდება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ძალა თავად „ოცნების“ წიაღში იშვას.“
სხვათა შორის, კონფიდენციალური რესპონდენტის ამ ნათქვამმა „ნიუპოსტს“ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ერთი განცხადება გაახსენა, რომელიც მან ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ გააკეთა. კერძოდ, „ოცნება“ ხელისუფლებაში პირველი ვადით ახალი მოსული იყო, როცა ივანიშვილმა მიანიშნა, გავა დრო და ხელს შევუწყობ, რომ „ოცნების“ ოპოზიცია „ოცნებაშივე“ გაჩნდესო. ზოგადად, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კულუარებში ისიც ითქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წინ, შეიძლება, ახალი პარტია შეიქმნას, რომელსაც ივანიშვილი მხარს ღიად დაუჭერს და რომელიც მერობის კანდიდატსაც წამოაყენებს.
რაც შეეხება „ოცნების“ იმ გეგმებს, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, სამთავრობო წრეებთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ „ოცნება“ დავით ნარმანიას შემცვლელზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერობის სურვილი კახა კალაძეს და მამუკა ხაზარაძეს აქვთ.
„ხაზარაძის შანსი რატომღაც ნული მგონია, თუმცა „ოცნებამ“ მერობის კანდიდატად შეიძლება, მართლაც, კალაძე დაასახელოს, მაგრამ ისევ „გაზპრომის“ ხელშეკრულებასთან მივდივართ, ანუ ამ სკანდალის გამო ენერგეტიკის მინისტრის პოზიციები შეიძლება, შესუსტდეს. ზოგადად, კულუარებში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და ასეთი გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია,“ - ამბობს ჩვენი წყარო.
ირაკლი ბიძინაშვილი
No comments:
Post a Comment