ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩემი საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს, რომლის ნომერია № 18865/11, ჰქვია ასე - „ნინო მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ". ეს საქმე ეხება აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს (რომლის უდანაშაულობაში გურამ შარაძის ოჯახი დარწმუნებულია). საქართველოს ხელისუფლებამ თავისი პოზიცია 2017 წლის 10 აპრილამდე უნდა წარადგინოს.
აი, როგორ მივიდა საქმე არსებით განხილვამდე:
2009 წლის 10 სექტემბერს განცხადებით მივმართეთ სასჯელაღსრულების იმჟამინდელ მინისტრ დიმიტრი შაშკინს და ვთხოვე ჩემთვის მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, თუ სად, რომელ საპყრობილეში იხდიდა სასჯელს გიორგი ბარათელი. უარი იმ მოტივით მივიღე, რომ ეს იყო საიდუმლო ინფორმაცია.
ამის შემდეგ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან", იგივე საია-სთან არსებული „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს" დამხარებისთვის მივმართე, რადგან არც სასამართლო ბაჟისთვის აუცილებელი თანხა მქონდა და იურისპრუდენციაში იმდენი ცოდნა და გამოცდილებაც არ გამაჩნდა, რაც ბოლო წლების მანძილზე დამიგროვდა. საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ შაშკინის უწყება მართალი იყო; სააპელაციომ კვერი დაუკრა, ხოლო უზენაესმა საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.
სამივე ინსტანციაში ჩემს უფლებებს იცავდნენ „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის" იმჟამინდელი იურისტები: თათული თოდუა, თამარ გურჩიანი და ანა შალამბერიძე. ჩვენ დღეს განსხვავებული მსოფლმხედველობა და ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ მართალი არ ვიქნები, თუ არ გავიხსენებ მათ მიერ გამოჩენილ გულისხმიერებას, რის გამოც მადლიერი ვარ.
ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2011 წლის 15 მარტს გავგზავნეთ. ევროსასამართლოში ჩემი წარმომადგენელი გახლდათ საიას-ს იურისტი ნათია კაციტაძე (ის დღეს სახალხო დამცველის მოადგილეა). ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ დაადგინოს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა, რომელიც ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლებას შეეხება. 2011 წლის ნოემბერში ევროსასამართლოდან გვაცნობეს, რომ საჩივარი წარმოებაში მიიღეს. მას შემდეგ საია-ს ამ საკითხზე, არც მე შევხმიანებივარ და არც მათ დაურეკიათ.
აგერ ახლა მაცნობეს, რომ ევროსასამართლომ საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას კითხვები გამოუგზავნა. მას შემდეგ, რაც ევროსასამართლოს კითხვებზე უპასუხებენ, ჩვენ მოგვიწევს იგივეს გაკეთება - კითხვებზე პასუხის გაცემა.
ამჟამად ევროსასამართლოში ჩემი წარმომადგენელია საიას-ს იურისტი თამარ აბაზაძე", -წერს ნინო მიქიაშვილი.