ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "თოვდა და თბილისს ებურა თალხი“...



    "შემოდიოდა სიკვდილი ცელით"...


    "თოვდა და თბილისს ებურა თალხი“... – 1921 წლის თებერვალი - საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი, საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ცნობილი იყო, უბრალო და მშრალი სახელწოდებით - „თბილისის ოპერაცია“. საბჭოთა ქართველ ბავშვებს კი მთელი 70 წლის მანძილზე ასწავლიდნენ, რომ „თებერვალი საქართველოს გაზაფხულია“. 
    იმ უსამშობლო ავაზაკებისათვის, ვინც რუსული სიკვდილის არმიას თბილისისკენ წამოუძღვა, ეს ომი მართლაც უბრალოდ ოპერაცია იყო და მეტი არაფერი. მათ ქვეყნის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს და „ცენტრს“ უპატაკეს სანუკვარი ოცნების ასრულება, ხოლო მანამდე ქართველ წამებულ გმირთა გვამებზე რუსული ჩექმით გადაიარეს.
    ძალთა უთანასწორობამ თავისი გაიტანა - ქართველი ჯარისკაცების, სამშობლოსთვის თავგანწირული იუნკრების შემართებამ უზარმაზარი ჩრდილოური დათვი ვერ შეაჩერა. საქართველოს კიდევ რამდენიმე ათეული წლით დაედგა მონობის უღელი, ხოლო ჩვენმა გმირებმა ისტორიის ფურცლებზე და ქართველების მეხსიერებაში გმირობის, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის კიდევ ერთი მაგალითი მისცეს მომავალ თაობებს.
    უშვეულოდ ხვავრიელი თოვლი იყო იმ წელიწადს თბილისში... გადამწყვეტი ბრძოლები 1921 წლის 16-25 თებერვალს გაიმართა. ამ ხნის მანძილზე, ქართული არმია, გენერალ კვინიტაძის მეთაურობით, მედგრად იცავდა დედაქალაქის მიდამოებს. ბოლშევიკებს ელვისებური ოპერაციით თბილისის აღების გეგმა, ქართველი პატრიოტების თავგადადებული ბრძოლის და ძლიერი წინააღმდეგობის გამო, ჩაუვარდათ. ჩვენმა მცირერიცხოვანმა არმიამ შემოსეულ უზარმაზარ მონსტრზე გარკვეული უპირატესობებიც კი მოიპოვა,  თუმცა, მტრის რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა.. „შემოდიოდა, სიკვდილი ცელით“... საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.
    ქართველ იუნკერთა გმირობა მართლაც სამაგალითო გახდა. 18-20 წლის ახალგაზრდებმა, სიმამაცის და პატრიოტიზმის საოცარი დემონსტრირება მოახდინეს.
    1919 წელს, გენერალ კვინიტაძის ინიციატივით, თბილისში იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი დაარსდა. ეს პირველი ქართული სამხედრო სასწავლებელი იყო, რომელიც მაშინდელი ევროპის წამყვანი ქვეყნების ანალოგიურ სასწავლებლებს არაფრით ჩამორჩებოდა. ქართველმა ხალხმა იუნკრები განსაკუთრებულად შეიყვრა.
    თანამედროვეთა მოგონებებიდან: „სამხედრო სკოლა მიდის ფრონტზედ, სამხედრო სკოლა!“ –ელვის სისწრაფით გავარდა ხმა ქალაქში და მთელი ქალაქი მიხაილოვის და რუსთაველის ქუჩაზედ გამოიფინა. ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, ყველა გარეთ გამოსულიყო და მწყობრად მიმავალთ ტაშის ცემითა და ვაშათი ეგებებოდა. იუნკერთა სასწავლებელი კი, მიდიოდა მთელი თავისი სიდარბაისლით, წარბშეუხრელად და დინჯად, ვერის აღმართზე ხალხმა იმატა, აღტაცებისა და მისალმების ყიჟინა დედათა მიერ შვილების უკანასკნელ ლოცვასა და ალერსში აირია: „შვილო! შენ იცი, როგორ იბრძოლებ სამშობლოსათვის! შვილებო! შვილო!“ ეალერსებოდნენ ხან შვილს, ხან მის ამხანაგებს. შვილები და ამხანაგები კი, ისევ მედგრად განაგრძობდნენ წინსვლას...
    „ტაბახმელას რაიონის ერთ ტრანშეაში 40 ჯარისკაცია. მათ კაპიტანი ყიფიანი მეთაურობს. უცბათ, ტრანშეას თავს დაესხა წითელი რაზმი. თითქმის ალყაში მოაქცია. რიცხობრივად, მათ შორის, უშველებელი სხვაობაა, მაგრამ ქართველები არ ნებდებიან. იმედოვნებენ, დახმარება მოუსწრებთ. ეს იმედი ამაოა. ქართველთა რაოდენობა სწრაფად კლებულობს. რჩება მხოლოდ ფეხზე მდგომი ხუთი ჯარისკაცი და მათი კაპიტანი. ბოლშევიკები ტრანშეას იღებენ.
    ხუთი გადარჩენილი რწმუნდება, რომ დამარცხება გარდაუვალია. ისინი ერთ მუშტად იკვრებიან. კაპიტანი მათგან ცოტა მოშორებით აღმოჩნდა, მას არც გაქცევა სურს და არც ცოცხლად მტრის ხელში ჩავარდნა. მკერდზე რევოლვერს მიიდებს და ერთი მეორის მიყოლებით ტყვიებს დაიხლის. სასწაული! კაპიტანს სიკვდილი არ ეკარება. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, რომ სიცოცხლე მოისწრაფოს. უეცრად, ვიღაცამ უსწრაფესად ხელიდან გამოგლიჯა რევოლვერი. ეს სამხედრო სკოლის კურსანტები გამოჩნდნენ დასახმარებლად. კურსანტებმა მტერი უკუაგდეს. ტრანშეა ბოლშევიკებისაგან გაწმინდეს“.
    „...და ფრონტზე წავიდა 19 წლის მარო, კოტე მაყაშვილის დედოფალივით გაზრდილი ასული, ლამაზი, სათნო და ჭკვიანი“.
    მარო მაყაშვილის ბარათი მამას ფრონტიდან:
    „საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთ პოზიციიდან ნახევარ ვერსზე ვართ, მეორისგან - 5 თუ 7-ზე. ძალიან სცხებენ ჩვენები. ყველანი ძალიან მადლიერნი არიან ჩემით. ცოტა თხილი და რამე ტკბილი გამომიგზავნეთ, თუ რასაკვირველია შესაძლებელია. თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს.
     შენი მარო“.
    დაღუპული ულამაზესი ქართველი გოგონა ქაშუეთის ტაძარში დაასვენეს, თავი კი თეთრი ხილაბანდით წაუკრეს, რომ ნატყვიარი დაეფარათ.
    ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ: მარიამ (მარო) მაყაშვილი, ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი, არჩილ ჯანდიერი, გიორგი ანდრონიკაშვილი, გიორგი ზედგინიძე და სხვა ქართველი გმირები. ისინი გმირები იყვნენ და მათ მთელი საქართველო დასტიროდა. თვით პირსისხლიანი ბოლშევიკებიც კი იმდენად შეაძრწუნა ამ საყოველთაო მდუმარე გლოვამ, რომ მისთვის ხელისშეშლა ვერავინ გაბედა...
    „...ისე არა სცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“...

    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი