„დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. იმიტომ რომ კვირიკაშვილს არავინ არაფერს ეკითხება და ქვეყანას მართავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში დამყარებულია არაფორმალური მმართველობა და ეს კარგია თუ ცუდი მკითხველმა განსაჯოს. ერთი კაცის პირობაზე გამოვედი, ვთქვი, ვილაპარაკე და მეტი რა უნდა მექნა? უფლებამოსილება ყველას გადაბარებული აქვს ბიძინა ივანიშვილისთვის. ინიციატივას ვერავინ იჩენს და ქვეყნის საქმე უკუღმა მიდის.
ბატონ ბიძინას ვუთხარი კიდეც, ქვეყანაში ცუდი ამინდიც კი თქვენ დაგბრალდებათ მეთქი. ეს იყო 2016 წლის ივნისში როცა მე და კახა შარტავა ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების ოფისში შევხვდით. ასე რომ მე ბიძინა ივანიშვილის წინაშე პირნათელი ვარ. რასაც ვფიქრობდი ის ვუთხარი და გავაფრთხილე.
ბიძინა გვერდზე უნდა გაწეულიყო და არბიტრად დარჩენილიყო. ასეთ შემთხვევაში მას გაცილებით უფრო დიდი მანევრირების უნარი ექნებოდა. დღეს კი მისი მოედანი შემოსაზღვრულია და ყველაფერი ცუდი ბრალდება მას. კვირიკაშვილს არაფერი ბრალდება, რადგან არც არაფერს აკეთებს, არც არაფერს აფუჭებს და არც არაფერი ეკითხება. ყველაფერი ბრალდება ბიძინას. მოკლედ ივანიშვილს რაც ვუთხარი აუხდა. ივანიშვილი თვითონაც არ მალავდა, რომ ის აღფრთოვანებული იყო მერაბიშვილის, ადეიშვილის და მისი მსგავსთა ნიჭიერებით. ბიძინას ასეთი სპეციფიკური გემოვნება აქვს და მას მიაჩნია, რომ პოლიტიკასა და ბიზნესს თითქმის იდენტური წესები აქვთ. საქართველოს რომ ბანკირები მართავენ ესეც ბიძინა ივანიშვილის არჩევანია. სამწუხაროდ ძალიან ცუდი რაღაც მოხდება და როგორც ყოველთვის ჩვენ მზად არაფრისთვის ვიქნებით. აფხაზეთს და ცხინვალს რომ აღარავინ ახსენებს ვერ ატყობთ? ხოლო ზღაპრები იმის შესახებ, რომ 2017 წელი მაგარი იქნება აღარავის გვჯერა. „მაგარი“ სააკაშვილმა დანერგა საქართველოში და რაც მაგარია ყველაფერი კარგად გონიათ. ზოგჯერ რბილიც კარგია.“ - აცხადებს გუბაზ სანიკიძე „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას
წყარო: "ასავალ-დასავალი"
No comments:
Post a Comment