გიორგი წიკლაური, 23 წლის:
- სამსახურიდან დაბრუნებულს სიცხე მომცა. ღამე კიდევ უფრო შეუძლოდ ვიგრძენი თავი და სასწრაფო გამოვიძახე. ექიმებმა დეტალურად გამომკითხეს სიმპტომები და ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინეს დასაყრდნობი, მაშინვე გამოიძახეს ბრიგადა ჰემატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მიზნით. ასე მოვხვდი კლინიკა „ნეომედში“.იქ მისვლისთანავე რეამინაციაში მომათავსეს, სადაც პირველ რიგში სისხლის ანალიზი ამიღეს. იმ დღეს არაფერი და მეორე დღეს, პალატაში გავხდი ძალიან ცუდად - დამეწყო ოფლიანობა, კუჭის და ფეხების ტკივილი. გამიკეთეს ბიოფსია და სინჯები წაიღეს თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის მორფოლოგიურ ლაბორატორიაში. სამი დღის შემდეგ ჩემმა მკურნალმა ექიმმა ლალი კუპრაშვილმა მომახსენა დიაგნოზი. ეს გახლდათ მწვავე ლეიკემია. იმ დროისთვის უკვე საშინელი ტკივილები მქონდა კუნთებში, სისხლჩაქცევები დამეტყო ფეხებზე და ვეღარ დავდიოდი. ანალიზები მეორედ ამიღეს - როგორც მკურნალმა ექიმმა მითხრა, დიაგნოზის დაზუსტება სურდათ, უკეთესად რომ გარკვეულიყვნენ ვითარებაში. ამ მიზნით, პირველ ჯერზეც და მეორედაც, მკერდის ძვალი გამიხვრიტეს და იქიდან აიღეს ნაცხი. ამის შემდეგ უკვე დედაჩემი დაიბარა ექიმმა. ექიმის კაბინეტიდან დიდ ხანს რომ არ გამოვიდა, მივხვდი, რომ ვერ იყო კარგად საქმე. ლალი კუპრაშვილმა გადაწყვეტით მითხრა დიაგნოზი - მწვავე ლეიკემია და სასწრაფოდ ქიმიოთერაპია უნდა დავიწყოთო. ვინაიდან ექიმი დაჟინებით მოითხოვდა, უნდა დავიწყოთ ქიმიაო, მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და მივიღე დაფინანსება. რამდენი კურსი დამჭირდებოდა, არ უთქვამთ. ლალი კუპრაშვილი მეუბნებოდა, რომ თუ მოქმედებას არ დავიწყებდით, ძალიან ცუდი შედეგები მოყვებოდა ამ ყველაფერს.
- მიუხედავად ამისა, თქვენ თურქეთში გადაწყვიტეთ ანალიზების ჩატარება - საქართველოში დასმული დიაგნოზის გადასამოწმებლად?
- „ნეომედში“ ჩემი ექიმი პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ თავზე, რომ ჩამიტარებდა ქიმიოთერაპიის კურსს, დამტოვებდა საავადმყოფოში და მიმკურნალებდა. უცხეოთში გასამგზავრებელი და მითუმეტეს, სამკურნალო თანხა ჩემს ოჯახს არ გააჩნდა. დედამ გადაწყვიტა მერიისთვის მიემართა. მაგრამ, მერიაში განაცხადის შეტანისას თან უნდა დაგვერთი ფორმა 100, სადაც ეწერებოდა, რომ ამ ადამიანისთვის რეკომენდირებულია უცხოეთში მკურნალობა. ეს საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მერიას თანხა ჩაერიცხა. მაგრამ ლალი კუპრაშვილმა არაფრით არ მოგვცა ეს საბუთი. გამოგვიცხადა, თურმე ჩვენ ამ საქციელით მის დიპლომს და ცოდნის ხარისხს ვაყენებდით შეურაცყოფას. გვითხრა, რომ ფორმა 100-ის დაწერით იგი საკუთარ თავსაც და კლინიკასაც მიაყენებდა შეურაცყოფას. ეს იმას ნიშნავდა, რომ თითქოს მას აქ არ შეეძლოა პროცედურების ჩატარება და ამ მიზეზით გზავნიდა პაციენტს საზღვარგარეთ. მოკლედ, საბუთებში ისიც კი არ დამიწერა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა იყო რეკომენდირებული. შესაბამისად ვერ მივიღეთ მერიისგან დაფინანსება. მერია იქით იყოს, ვერც ერთ სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში ვერ გავაგზავნეთ დაფინანსებაზე მოთხოვნა. დავრჩი ასე! ამასობაში, ჩემმა მეგობრებმა და თანამშრომლებმა, ჩემი გადარჩენის მიზნით დიდი აქცია წამოიწყეს და საწყისი ეტაპის თანხა შემიგროვეს. სწორედ ამ ნაწილი თანხით გავემგზავრე სტამბულის კლინიკაში.
- „ნეომედიდან“ გამოგიშვეს?
- ჩემი „ნეომედიდან“ წამოსვლა ჰგავდა გამოქცევას. იმ დროს რომ არ წამოვსულიყავი, უკვე ქიმიას მიდგამდა ჩემი ექიმი. ლალი კუპრაშვილმა თურქეთში გაფრენამდე ერთი დღით ადრე მითხრა, რომ მესამედ უნდა გაგიხვრიტოთ მკერდის ძვალი ნიმუშის ასაღებად, რომ დინამაკაში დავაკვირდეთ პროცესებსო. ვკითხე - რატომ იყო ეს საჭირო და მიპასუხა, რომ აინტერესებდათ, პარაზიტთან ხომ არ ჰქონდათ საქმე და ამჯერად ანალიზები პარაზიტოლოგიაში უნდა გადაეგზავნათ. სავარაუდოდ, მანამდე არც პარაზიტოლოგიაში არ გაუგზავნიათ, არც ბაქტერიოლოგიაში, არც მიკრობიოლოგიაზე არ შეუმოწმებიათ. ანტიბიოტიკს არ ვიღებდი, ძალიან ადვილად ამოითესებოდა ის მიკრობი თუ ბაქტერია, რაც მქონდა.
- კარგით, რა მოხდა თუქეთში?
- იქ ხელახალი გამოკვლევები ჩამიტარეს, ბიოფსიის პასუხები რამდენჯერმე გადაამოწმეს და ნახეს, რომ არავითარ ლეიკემიასთან არ გვქონდა საქმე. შედგა კონსილიუმი და ექიმებმა მოითხოვეს ყველა ის დოკუმენტი, რა გამოკვლევებიც ჩამიტარდა საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, ლეიკემია კი არა, ტრიპუსპიდზე გულის სამკარიდას სარქველზე მქონდა ჩირქი დაგროვილი, სარქველის გახსნისა და დახურვისას ბაქტერიული ემბოლია სწყდებოდა საკუთრ კერას და მიჰყვებოდა სისხლს, საიდანაც ინფექცია გადადიოდა ფილტვში. საბოლოოდ ფილტვებში იმდენი ემბოლია აღმოჩნდა, ბაქტერიამ ფაქტობრივად გახვრიტა ფილტვი. შედეგად ფილტვში წყალი ჩადგა, დავმძიმდი და ვერ ვსუნთქავდი.
- ანუ ლეიკემია და ბლასტები არაფერ შუაში იყო?
- ბლასტები საერთოდ არ დაფიქსირდა. გადამიყვანეს სტამბულის გენერალურ კლინიკაში, იმიტომ რომ ჰემატოლოგიურის პაციენტი არ ვიყავი. როგორც კი მივედი გენერალურ კლინიკაში, მაშინვე გულის კარდიოგრამა და ეხოსკოპია გადამიღეს. ნახეს, რომ სარქველზე მქონდა დიდი დეფექტები. გადამაყლაპეს ტრანსეზოფაკი, მითხრეს, რომ მქონდა ბაქტერიული ენდოკარდიტის მძიმე ფორმა. დამიწყეს ვენაში ოთხი სახის ანტიბიოტიკს გადასხმა. ექვსი კვირა ვისხი ანტიბიოტიკები. თურქეთში საკაცაით წამიყვანეს, იქიდან ჩეი ფეხით ჩამავედი. წამოვედი გამოჯანმრთელებისკენ. ეგ არის მხოლოდ, ამდენი გადასხმებისგან ვენები გამიფუჭდა და ფლედიტები განმივითარდა.
- დღეს-დღეობით რა მდგომარეობა გაქვს?
- ახლა წამოსული ვარ ამგვარი დიაგნოზით - გადატანილი მაქვს ინფექციური ენდოკარდიტი, შესაძლოა მოხდეს გეგმიური ოპერაცია. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ცუდად იქნება მომავალში საქმე. სულ რაღაც ორი თვეა, რაც შედარებით ნორმალურ ცხოვრებას ვეწევი.
- თქვენს მკურნალ ექიმს - ლალი კუპრაშვილს თუ დაუკავშირდით თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ?
- არა. ვფიქრობ რომ მას ჩემი ადვოკატი გაესაუბრება.
- ანუ ჩივილს აპირებთ?
- სიმართლის დადგენას! მე, 23 წლის ახალგაზრდას, გარდა იმისა, რომ არასწორად დამისვა სასიკვდილო დიაგნოზი, სასწრაფო წესით მიდგამდა ქიმიოთერაპიის გადასხმებს, რაც მართლა სასიკვდილო შეიძლება აღმოჩენილიოყ ჩემთვის. გარდა ამისა, ათი დღე დამაყოვნა, რა დროის განმავლობაშიც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ინფექცია მთელს სხეულს მოედო. ამავე დროს, არ მაძლევდა ფორმა 100-ს, რომ საზღვარგარეთ დაფინანსებსთვის მიმემართა სახელმწიფო უწყებებისთვის, იმ მოტივით, რომ ამით ჩემს და ჩემი კლინიკის კომპეტენციას მიადგება ჩრდილიო.
რას ამბობს ყოველივე ამაზე გიორგი წიკლაურის მკურნალ ექიმი ლალი კუპრაშვილი:
- თქვენს პაციენტს გიორგი წიკლაურს „ნეომედში“ დაუდგინდა მწვავე ლეიკემია. ძვლის ტვინის სინჯი ორჯერ აუღეთ და ორივეჯერ ერთი და იგივე პასუხი იყო. პაციენტი თურქეთში გაემგზავრა, სადაც აღმოჩნდა, რომ არანაირი ლეიკემია მას არ ქონია, უბრალოდ გულის სარქველში იყო ჩირქი ჩამდგარი. სტამბულის გენერალურ კლინიკის ლაბორატორიაში ბლასტები არ ამოითესა. დღეს პაციენტი ბევრდ უკეთესად არის და მკურნალობას აგრძელებს კარდიოლოგიური კუთხით?
- გულის მანკია იყო მანდ თანდაყოლილი.
- დიახ, გვითხრა ეს თქვენმა პაციენტმა. ანუ ამ შემთხვევის შესახებ იცოდით?
- დიახ.
- ის თუ იცით, რომ თურქულ კლინიკაში არ დაუდგინდა ლეიკემია?
- დიახ.
- რა ხდება მაშინ?
- არ ვიცი.
- ეს როგორ გავიგოთ, ქალბატონო ლალი?
- ეს პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში. ის გამოკვლევები, რაც კეთდება, რის საფუძველზეც ეს დიაგნოზი დგინდება, ყველაფერს გიჩვენებთ. მე დიაგნოზი დავსვი გამოკვლევების საფუძველზე. ეს არის ძალიან რთული კვლევები. ეს ის არ არის, რომელსაც შეხედავ, ხელს დაადებ, მოისმენ ან რაღაცას შეიგრძნობ. ლაბორატორიამ ანალიზების საფუძველზე უნდა დაადგინოს დიაგნოზი.
- ფაქტია, რომ პაციენტი კარგად არის და კარდიოლოგები მუშაობენ ამჯერად და არა ჰემატოლოგები?
- ჩივის?!
- არა მგონია ახლა ამას ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, რომ პაციენტს ლეიკემია არ დაუდგინდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ამ საქმესთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვს - ამჯერად, თავად სამინისტრომ გადააგზავნა დოკუმენტები სასამართლოში. საკითხი უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ზედამხედველობის ქვეშ არის და დავა როგორც ჩანს, უკვე სასამართლოში გაგრძელდება.
თამარ როსტიაშვილი
წყარო: „ქრონიკა+“
No comments:
Post a Comment