“ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, როგორც საკრებულოს, ასევე პარლამენტის წევრებთან დავით ნარმანია ღიად საუბრობს იმ თემაზე, რომ მერობის კანდიდატი კვლავ ის იქნება. ხაბეიშვილის ინოფორმაციით, ნარმანია აცხადებს, რომ ეს საკითხი 20 მაისისთვის გადაწყდება. მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის მერე ნარმანია ნაკლები პრობლემაა “მისი უსაქმურობის, უუნარობის და სკანდალების მიუხედავად”. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს თბილისის მერად პოლიტიკური ფიგურა არ სჭირდება. “ნარმანია ხალხსაც აღიზიანებს და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, მაგრამ აქ მთავარია ივანიშვილის პოზიცია. მას თბილისის მერად პოლიტიკური ფიგურა არ სჭირდება. მისთვის იდეალური კანდიდატურაა დავით ნარმანია, რომელიც იმ ბრძენ კაცთან მონურ მორჩილებაშია. თბილისის მერმა ივანიშვილს ყველაფერი შეუსრულა - პანორამიდან დაწყებული, ბოტანიკური ბაღით დამთავრებული, რასაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ამბავიც დაემატა. მერის პოსტზე ასეთი კაცის ყოფნა სოლოლაკელი ბრძენისთვის კომფორტია. მონურ მორჩილებას რომ თავი დავანებოთ, ნარმანია პოლიტიკურ დივიდენდებს ვერასოდეს მოიპოვებს და ის ივანიშვილისთვის პოლიტიკურად სახიფათო არ იქნება.” აცხადებს “ახალ თაობასთან” ინტერევიუში ხაბეიშვილი. რაც შეეხება კალაძის კანდიდატურას, ხაბეიშვილის თქმით, ნეგატივების მიუხედავად კალაძეს აქვს შანსი გახდეს პოლიტიკური ფიგურა - „სხვა თუ არაფერი, ის კახი კალაძეა. მას გააჩნია თავისი ფინანასური რესურსები და საზღვარგარეთიდანაც შეუძლია მათი მოზდივა. ამიტომაცა ის ივანიშვილისთვის მაინც სახიფათოა” აცხადებს ხაბეიშვილი “ახალ თაობასთან”.
წყარო:pirveliradio.ge